ბატონი კვირიკაშვილის შფოთვებს რაც შეეხება ყვავ-ყორნებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ეს ყვავ-ყორნები "ქართულ ოცნებაში" უნდა მოიკითხოს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გივი თარგამაძემ განაცხადა.
"ჩვენი თვითმიზანი კვირიკაშვილის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნა არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მისი პრემიერობა კიდევ უფრო ფიქტიური გახდა, როდესაც კიდევ ერთი მინისტრი დაინიშნა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის კადრი. რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილი აღარ ენდობა კვირიკაშვილს და საკუთარ კადრებს ნიშნავს. მაია ცქიტიშვილი მთელი ეს წლები მუშაობდა პრემიერ-მინისტრების ზედამხედველად სახელმწიფო კანცელარიაში. ახლა მას ჩააბარეს ყველაზე მსხვილი სფერო. გუშინ თუ დააკვირდით ალავიძის დამცველების სიმრავლეს, მიხვდებოდით, რამდენ ადამიანზე ნაწილდება კორუფციული სქემით ამოქაჩული თანხები",- განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, მაია ცქიტიშვილის დანიშვნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დანიშვნას ნიშნავს, „ ხოლო რა არის მისი ნება - აღმოფხვრას კორუფციული სქემა თუ საკუთარ ჯიბეში მიმართოს თანხები, მომავალში ვნახავთ“.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც მისი გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის გადადგომას არ აპირებს.
„მინდა ის ადამიანები დავარწმუნო, ვინც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე ტაიმერი აქვთ დაყენებული - ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.