გოკა გაბაშვილი:  მერია თავისივე კონტრაქტორს ისე ექცევა, როგორც დამნაშავეთა ჯგუფს

გოკა გაბაშვილი: მერია თავისივე კონტრაქტორს ისე ექცევა, როგორც დამნაშავეთა ჯგუფს

მერია თავისივე კონტრაქტორს ისე ექცევა, როგორც დამნაშავეთა ჯგუფს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კომენტირებისას განაცხადა. მისი შეფასებით, მერიის ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ გენგეგმა "დაბრაკონ".

“გვაინტერესებს რეალურად რაშია საქმე. როცა 5 ეტაპი ჩაბარებულია, 2 მილიონზე მეტი გადახდილია და ბოლოს ვისმენთ, რომ ეს ჯგუფი მერიას არ მოსწონს, რომელიც ამდენი ხანი ამუშავა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები მე-6 ეტაპთან დაკავშირებით, რომელიც არის სწორედ კონკრეტულად ზონალური რუკები, რომელიც სადღაც მკაფიოდ კრძალავს მშენებლობებს, სადღაც - უშვებს. შეიძლება ამ ეტაპზე ეს ვიღაცის ინტერესებს ეწინააღმდეგება. უნდა მოვისმინოთ რეალურად რაშია საქმე, რა შენიშვნები არსებობს. აქამდე რაც გვესმის მერიის, კახა კალაძის მხრიდან, აბსოლუტურად უარგუმენტოა. ეს არის შარის მოდება. დარწმუნებული ვარ, შენიშვნები არის გენგეგმასთან, არ არსებობს ხარვეზები არ იყოს. მართლა რასთან გვაქვს საქმე, ეს უნდა გაირკვეს. ჯერჯერობოთ არც ერთი ფორმატი, სადაც საშუალება მოგვეცემოდა, რომ ინფორმაცია მიგვეღო, აქამდე არ იყო. იყო წინასწარი შემზადება, რომ ამ ჯგუფს “დაბრაკავენ“, - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.

„თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ პროექტის განხილვა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილი და თბილისის საკრებულოს ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებიან. „სითი ინსტიტუტი საქართველო“ საზოგადოებას მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოს კიდევ ერთხელ აცნობს. სპეციალისტები საუბრობენ გენგეგმის პროექტის ძირითად მიმართულებებზე, ქალაქში არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზებსა და იმ შეთავაზებებზე, რომელიც 1200 გვერდიან დოკუმენტშია მოცემული.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად მერიის ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარი გამოიყო. დოკუმენტის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთიდაიგივე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა. 26 თებერვლიდან კი, დოკუმენტის საბოლოო ვერსიას თბილისის მერიის მიერ მოწვეული უცხოელი და ქართველი ექსპერტები სწავლობდნენ, თუმცა, როგორც მერიაში აცხადებენ, დოკუმენტზე კითხვები ჯერ კიდევ არსებობს.