თუკი იუსტიციის საბჭო სხდომების დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებს, პარლამენტმა კანონის დონეზე უნდა უზრუნველყოს, რომ საბჭოს სხდომები იყოს საჯარო

თუკი იუსტიციის საბჭო სხდომების დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებს, პარლამენტმა კანონის დონეზე უნდა უზრუნველყოს, რომ საბჭოს სხდომები იყოს საჯარო

თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომების დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებს, პარლამენტმა ადეკვატური პოზიცია უნდა დაიკავოს და კანონის დონეზე უზრუნველყოს, რომ საბჭოს სხდომები იყოს ღია და საჯარო, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფოხაძემ განუცხადა. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების დახურვის ინიციატივა მისთვის მიუღებელია.

“ჩემი ინფორმაციით, სხდომების დახურვის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების პოზიციას ყველა არ ეთანხმება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების დახურულ ფორმატში გადატანა ძალიან ცუდი იქნება, რადგან საბჭოს მუშაობის ღიაობა კიდევ ერთი წინაპირობაა იმისა, რომ საზოგადოებამ მაინც მოახდინოს ზეგავლენა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, კითხვის ნიშნებს აჩენს. ცოტა ხნის წინ იყო მოსამართლეთა უვადო დანიშვნები, რამაც საზოგადოებაში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. თუ სხდომები დახურულ ფორმატში წავა, ეს ამ კითხვის ნიშნებს კიდევ უფრო გაამრავლებს და არ მოხსნის. შესაბამისად, ეს ინიციატივა თავისთავად არასწორია და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დროს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყანებს. თუ იუსტიციის საბჭო სხდომების სახურვის გადაწყვეტილებას მიიღებს, პარლამენტმა ადეკვატური პოზიცია უნდა დაიკავოს და კანონის დონეზე უზრუნველყოს, რომ საბჭოს სხდომები იყოს ღია და საჯარო“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გედევან ფოფხაძემ.