ეუთო-ს წევრ ქვეყნებს და მის ინსტიტუტებს შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა საერთო პრობლემების მოსაგვარებლად გადამწყვეტია

ეუთო-ს წევრ ქვეყნებს და მის ინსტიტუტებს შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა საერთო პრობლემების მოსაგვარებლად გადამწყვეტია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით ვარშავაში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა პოლონეთის სენატისა და სეიმის დეპუტატებთან, ასევე, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, შეხვედრებზე განიხილეს ეუთო-სთვის პრიორიტეტული მიმართულებები, კერძოდ, კონფლიქტები უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ადამიანის უფლებების კუთხით და ბოლოდროინდელ ტრაგიკულ მოვლენებზე ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. ასევე, საერთო ევროპულ რეაქციაზე რუსეთის მოქმედებებთან მიმართებით.

გიგი წერეთელის განცხადებით, ეუთო-ს წევრ ქვეყნებს, ასევე მის ინსტიტუტებს შორის ერთობლივი, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა გადამწყვეტია საერთო პრობლემების მოსაგვარებლად.

გიგი წერეთელმა პოლონელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აქტიური ჩართულობისთვის, ასევე, საქართველოს მხარდაჭერისთვის როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ვიზალიბერალიზაციის და ევროპული ინტეგრაციის საკითხებში. შეხვედრაზე პოლონელმა დეპუტატებმა აღნიშნეს ამ დღეებში მიღებული მხარდამჭერი დეკლარაციის შესახებ, საქართველო-პოლონეთის ერთობლივი საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატის თაობაზე.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის ხელმძღვანელთან ინგიბიორგ გისლადოტირთან და ორგანიზაციის სხვა ლიდერებთან შეხვედრებზე განხილული იყო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის პერსპექტივები, უპირველეს ყოვლისა ერთობლივი საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიების საქმიანობა, ასევე კანონის უზენაესობის, გენდერული თანასწორობის, და დემოკრატიზაციის სფეროში მიმდინარე პროექტები.