გივი თარგამაძე და ის ადამიანები, რომლებსაც მონოპოლიზებული ჰქონდათ კონტროლი სახელმწიფო შესყიდვის სისტემაზე, გავლენის დაკარგვას ვერ ეგუებიან

გივი თარგამაძე და ის ადამიანები, რომლებსაც მონოპოლიზებული ჰქონდათ კონტროლი სახელმწიფო შესყიდვის სისტემაზე, გავლენის დაკარგვას ვერ ეგუებიან

გივი თარგამაძე და ის ადამიანები, რომლებსაც წლების განმავლობაში მონოპოლიზებული ჰქონდათ კონტროლი სახელმწიფო შესყიდვის სისტემაზე, გავლენის დაკარგვას და თავისუფალი, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას ვერ ეგუებიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის გივი თარგამაძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მერაბ ქვარაიას განცხადებით, სწორედ ამის შედეგია ლოგიკას მოკლებული ცილისმწამებლური თავდასხმები, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ და პირადად გივი თარგამაძე ყოველთვის გამოირჩევა.

დღეს მათ ფავორიტ ფირმებს, როგორიცაა "ბლექსი გრუპი" და მათ უკან მდგომი ბიზნეს ინტერესები, ასეთი მავნებლური შავი პიარის კამპანიისა და გავლენის სფეროების დასაბრუნებლად ბრძოლის გარდა, სხვა არაფერი დარჩენიათ, რაც არასდროს მოხდება”, - განაცხადა ქვარაიამ.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა გივი თარგამაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტი კორუფციულ საქმიანობაში დაადანაშაულა. როგორც გივი თარგამაძემ განაცხადა, კორუფციული გარიგებები ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ხელშია. მისი თქმით, ერთ-ერთი მსხვილი კორუფციული სქემა გზის მშენებლობისა და საფარის დაგებას ეხება.