აუცილებელია, ვამხილოთ ყველა ის ადამიანი, ვინც სუბიექტური ინტერესებით პოლიტიკურ სპეკულაციებს ეწევა

აუცილებელია, ვამხილოთ ყველა ის ადამიანი, ვინც სუბიექტური ინტერესებით პოლიტიკურ სპეკულაციებს ეწევა

გივი თარგამაძე რომ ბატონ ზურა ალავიძეს ადანაშაულებს რაიმეში, თავად ეს ფაქტი ღიმილის მომგვრელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ წევრ გივი თარგამაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მედიით ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი ეს ბრალდებები არის მართული პროცესი და შესაძლოა უკავშირდებოდეს „ბლექ სი გრუპის“ გარკვეულ ინტერესებს, რომელიც ალავიძის უწყებასთან მიმართებაში არსებობს.

„რა თქმა უნდა, ამას ჟურნალისტები უნდა ჩაუღრმავდნენ და აუცილებელია, რომ ვამხილოთ ყველა ის ადამიანი, ვინც სუბიექტური ინტერესებით პოლიტიკურ სპეკულაციებს ეწევა. მე შემიძლია, ჩემი მხრივ გითხრათ, რომ ინფრასტრუქტურაში და სივრცითი განვითარების მიმართულებით წარმატებით მიმდინარეობს ის გეგმა, რომელიც ოთხპუნქტიან სამთავრობო გეგმაშია მოცემული და ალავიძის უწყებამ 2017 წელს ასეულობიოთ პროექტი განახორციელა, რომელსაც 30 000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა მოჰყვა.

რა თქმა უნდა, ძალიან რთულია სერიოზული კომენტარი გააკეთონ იმ ადამიანის ბრალდებაზე, რომელიც თავად არაერთხელ იყო მხილებული და ჩართული პროცესებში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ და რაც მთავარია, ამომრჩეველმა ნეგატიურად შეაფასა წინა ხელისუფლების დროს", - განაცხადა თალაკვაძემ.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა გივი თარგამაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტი კორუფციულ საქმიანობაში დაადანაშაულა. როგორც გივი თარგამაძემ განაცხადა, კორუფციული გარიგებები ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ხელშია. მისი თქმით, ერთ-ერთი მსხვილი კორუფციული სქემა გზის მშენებლობისა და საფარის დაგებას ეხება.