ფანდებს უნდა დავაკვირდეთ, როგორ უნისონში არის

ფანდებს უნდა დავაკვირდეთ, როგორ უნისონში არის "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები რუსეთის განცხადებებთან

ფანდებს უნდა დავაკვირდეთ, როგორ უნისონში არის "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები რუსეთის განცხადებებთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, რომლის მიხედვით, რუსეთთან ურთიერთობაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე პრემიერი უნდა გადადგეს.

"მე ვფიქრობ, რომ თუ ამ ლოგიკას გავყვებით, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ოდითგანვე, მაშინ გამოდის, რომ კარასინმა საშუალება მისცა "ნაციონალურ მოძრაობას", რომ თავისი პოზიციები გაიმყარონ და შეტევაზე გადმოვიდნენ იქით, როცა სალაპარაკო საერთოდ არაფერი აქვთ. ზუსტად ასეთი ვითარება აწყობს რუსეთს, როგორიც სააკაშვილმა და გიგა ბოკერიამ შექმნეს თავის დროზე, როცა მოლაპარაკების საშუალება თავადვე გამოვრიცხეთ და რუსეთი ჩავაყენეთ მომგებიან პოზიციაში. მას არ აწყობს მოლაპარაკებები. პრემიერის განცხადებისთვის სირთულის შექმნის სტრატეგიას მიმართავენ ყოველთვის. არადა პრემიერი საუბრობს წინაპირობის შექმნაზე იმისთვის, რომ ჟენევის ფორმატი გაიზარდოს, მაგრამ ჯერჯერობით ამის წინაპირობა არ არსებობს. ამ ფანდებს უნდა დავაკვირდეთ, როგორ უნისონში არის "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები რუსეთის განცხადებებთან და მოქმედებებიც, მათ შორის 2008 წლამდე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება კითხვას, ეთანხმება თუ არა დეპუტატ ნუკრი ქანთარიას პოზიციას რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომ მმართველი უმრავლესობა "ევროპულ საქართველოსთან” არ უნდა შეთანხმებულიყო, გია ვოლსკი აცხადებს, რომ "მასაც არ მოსწონს, რომ ახალ "ნაციონალურ მოძრაობასთან", ამ უბედურების არქიტექტორებთან რაღაც დოკუმეტს მოეწერა ხელი".

"ამის მიუხედავად, არსებობს სტრატეგიული საჭიროება, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ქვეყანამ, რომელსაც სტაბილურობის შენარჩუნების ამოცანა უდგას წინ", - განაცხადა ვოლსკიმ.