რუსი დიპლომატის გაშვება არის სოლიდარობის გამოხატვა ბრიტანეთის მიერ გადადგმული ნაბიჯის მიმართ

რუსი დიპლომატის გაშვება არის სოლიდარობის გამოხატვა ბრიტანეთის მიერ გადადგმული ნაბიჯის მიმართ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს გადაწყვეტილებას რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის მიმართ ცალსახად მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვად აფასებს. როგორც თალაკვაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა.

”ეს ფაქტი არის ცალსახად მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა კონკრეტულად ბრიტანეთის მიერ გადადგმული ნაბიჯის მიმართ. რუსი დიპლომატის გაშვება არის ამ სოლიდარობის დასტური”, - განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს მიუღებელ პიროვნებად აცხადებს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში ნევრულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლული ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც ლონდონი ამტკიცებს, მოწამვლაში მონაწილეობდა მოსკოვი.

ორშაბათს ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ასევე აშშ-მ, კანადამ, ნორვეგიამ, უკრაინამ და სხვა ქვეყნებმა, სოლსბერიში მომხდარი ინციდენტის გამო, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს. მოგვიანებით, რუსი დიპლომატების ნატო-დან გაძევების გადაწყვეტილებაც მიიღეს. დიდი ბრიტანეთი პირველი იყო, სადაც ეს ნაბიჯი გადადგეს.