თავიდანვე არასწორი იყო მოლოდინი, რომ რუსეთი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას კონსტრუქციულად მიუდგებოდა

თავიდანვე არასწორი იყო მოლოდინი, რომ რუსეთი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას კონსტრუქციულად მიუდგებოდა

თავიდანვე არასწორი იყო მოლოდინი, რომ რუსეთი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას კონსტრუქციულად მიუდგებოდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ თავმჯდომარემ დავით სიხარულიძემ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის შეფასებისას განუცხადა.

სიხარულიძე აღნიშნავს, რომ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება საქართველოს დიდი ხანია ცალმხრივად აღებული აქვს და ზედმიწევნით ასრულებს და ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიან შეთანხმებას და თუ ვინმე უხეშად არღვევს ამ შეთანხმებას, ეს რუსეთის ფედერაციაა.

„რუსეთი ყოველთვის ცდილობს, რომ ყველანაირი ინიციატივა ჟენევის ფორმატში მაქსიმალურად დაბლოკოს. ეს ფორმატი შექმნილია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, რომელსაც რუსეთი უხეშად არღვევს. ჩემთვის გაუგებარია, საერთოდ რატომ წამოსწიეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების საკითხი, ვინაიდან აშკარა იყო, რომ რუსეთი ეცდებოდა, ოკუპირებული ტერიტორიების მთავრობების ნაწილობრივი ლეგიტიმაცია მოეხდინა. ვფიქრობ, თავიდანვე არასწორი მოლოდინი იყო (თუ იყო ასეთი მოლოდინი), რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას რუსეთი რამენაირად კონსტრუქციულად მიუდგებოდა. ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ არ წამოვეგეთ ამ დიპლომატიურ ხრიკს და არ გამოვაყენებინეთ ჟენევის დისკუსიების ფორმატი იმისთვის, რომ თავისი ამოცანებისთვის მიეღწიათ“, - განაცხადა სიხარულიძემ.

სიხარულიძის შეფასებით, მთლიანად პროპაგანდისტული ხასიათისაა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ 9 მარტს გაკეთებული იმედის მომცემი განცხადებების საპირისპიროდ, ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესთან დაკავშირებით, თბილისის წარმომადგენლებმა შეხვედრა პროპაგანდისტულ აქციად გადააქციეს. თუმცა, თავის მხრივ, თავად გიორგი კვირიკაშვილის განცხადების მიზანი, დავით სიხარულიძის აზრით, გაუგებარი რჩება.

„პრემიერის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს არ აქვს კარგად გააზრებული უსაფრთხოების სტრატეგია; არა აქვს, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია; არ აქვს უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში უმაღლეს, სტრატეგიულ დონეზე გადაწყვეტილების მიღების და განხორციელების სისტემა - არც სამართლებრივი ჩარჩო, არც ინსტიტიტუციური და არც კარგად ჩამოყალიბებული პრაქტიკა. ეს არის პრობლემა, რომელსაც უნდა მივხედოთ“, - დასძინა დავით სიხარულიძემ.

შეგახსენებთ, რომ 27-28 მარტს გამართული დისკუსიების მორიგ რაუნდზე ჟენევაში მონაწილეები ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადებაზე ვერ შეთანხმდნენ.