ქართული მხარე თავისებურად ახდენს იმ შეთანხმების ინტერპრეტირებას, რომლის საფუძველზეც ჟენევის დისკუსიები ფუნქციონირებს

ქართული მხარე თავისებურად ახდენს იმ შეთანხმების ინტერპრეტირებას, რომლის საფუძველზეც ჟენევის დისკუსიები ფუნქციონირებს

ქართული მხარე თავისებურად ახდენს იმ შეთანხმების ინტერპრეტირებას, რომლის საფუძველზეც დღეს ჟენევის დისკუსიები ფუნქციონირებს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განაცხადა.

„ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვს, რომ ერთობლივი ზეპირი განცხადება და შემდეგ უკვე შეთანხმება იქნას მიღებული საქართველოსა და რუსეთს შორის. ჩვენი პოზიცია კარდინალურად განსხვავდება. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ შეთანხმებას ხელი რუსეთმა უნდა მოაწეროს, როგორც კონფლიქტის მხარემ“, - აღნიშნა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, შეთანხმების ხელმოწერა და ერთობლივი განცხადების მიღება ძალის გამოუყენებლობის შესახებ „არანაირ შედეგს არ მოიტანს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის“ გარეშე.

„შესაბამისად, შეთანხმება და ზეპირი განცხადება აფხაზეთსა და საქართველოს და სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის უნდა იქნას მიღებული“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ინტენსიური დისკუსია შედგა ძალის არგამოყენების შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განცხადების პროექტთან დაკავშირებით. „ქართველი და ამერიკელი მონაწილეების მიერ ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და მისი შესრულების უზრუნველყოფის აუცილებლობას. რუსეთის ფედერაციამ გამოიჩინა დესტრუქციული მიდგომა და მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებებით მიმდინარე რაუნდზე ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების საკითხზე“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.