კახა კალაძესთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ არ არის საჭირო კვირის ბოლომდე მერიამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს და “სითი ინსტიტუტს“ კიდევ ერთხელ ვაცადოთ, საზოგადოებას თავისი მოსაზრებები წარუდგინოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ, დეპუტატმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
“ჩვენ რაც მოვისმინეთ, იმდენად მარტივი გასაგებია, რომ ძალიან ბევრი რამ არასწორად გაკეთდა. ის, რაც გუშინ მოხდა გენერალური გეგმის საჯარო პროექტის განხილვაზე ოპოზიციური პარტიის წამომადგენლების მხრიდან, ალბათ ამ მოწვევის პარლამენტში არის ყველაზე დიდი პოლიტიკური ფარსი. „სითი ინსტიტუტმა“ თავისი პოზიცია უნდა წარმოადგინოს. კონცეპტუალურად შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ გეგმა პრაქტიკულად განუხორციელებელია. ვფიქრობ, რომ პრობლემა არის მასშტაბში - დაგეგმვის მასშტაბი არის საკმაოდ მსხვილი. მაგალითად, თუ ჩუღურეთის რაიონში გვთავაზობენ გამწვანების ზონას, სატყეო ზონას ან ინტენსიური მშენებლობის ზონას, აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული ამ ზონაში კონკრეტულად დღეს რა არის - იქნებ გამწვანების ზონაში სამშენებლო პროცესია ან კერძო მესაკუთრის ზონაში გათვალისწინებულია აბსოლუტურად სხვა რამ... არ არის მიწისქვეშა კომუნიკაციების თემა. ბევრია დაუხვეწავი და კონცეპტუალურად განუხორციელებლი თემა. შეხვედრაზე დავსვი კითხვა, რა ეტაპიდან შეიძლება „სითი ინსტიტუტს“ მივცეთ ახალი ამოცანები. 5 ეტაპი უკვე გავლილი აქვთ. თბილისის მერიის წინა ხელმძღვანელობამ არ მიიღო მე-6 ეტაპის სამუშაოები. ეტყობა მათაც ჰქონდათ სერიოზული შენიშვნები და კითხვები. სანამ თბილისი დახვეწილ გენერალურ გეგმას მიიღებს, დედაქალაქის მერია გარდამავალ ეტაპზე მაღალპროფესიონალური ხედვის წარმოდგენას დაგვპირდა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.