უვიზოდ მიმოსვლის სისტემის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვის ეტაპობრივი შემცირება, რაც ვიმედოვნებ, რომ უკვე ხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
დიპლომატმა უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებიდან ერთი წელი წარმატებულად შეაფასა და განაცხადა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში “მგზავრების უმრავლესობამ წესების და რეგულაციების სრული დაცვით იმოგზაურა, მხოლოდ ძალიან ცოტამ არ გაითვალისწინა ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი წესები“.
“ეს წელი იყო წარმატების წელიწადი უვიზო რეჟიმის თვალსაზრისით. უვიზო მიმოსვლა ნიშნავს მეტ გადაადგილებას, მეტ კონტაქტს და ევროპული ცხოვრების წესთან დაახლოებას. გაიზარდა ბიზნეს ურთიერთობების რიცხვი, გაიზარდა კონტაქტები საგანმანათლებლო სფეროში, ეს ყველაფერი კი ნიშნავს წარმატებას და სწორედ ამას ველოდით, სწორედ ამიტომაც ავამოქმედეთ უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი. მგზავრების უმრავლესობამ წესების და რეგულაციების სრული დაცვით იმოგზაურა, მხოლოდ ძალიან ცოტამ არ გაითვალისწინა ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი წესები, ამიტომ დარღვევებს დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და ეს არც არის გასაკვირი“, - განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი უვიზო რეჟიმის გამართული მუშაობა და ეს როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის ინტერესში შედის.
“იყო ასევე ადამიანების გარკვეული რიცხვი, რომლებმაც თავშესაფარი მოითხოვეს. უნდა გითხრათ, რომ არ არის მისაღები საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნა, ვინაიდან საქართველო აღიარებულია, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. უვიზოდ მიმოსვლის სისტემის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვის ეტაპობრივი შემცირება, რაც ვიმედოვნებ, რომ უკვე ხორციელდება. კიდევ ერთი საკითხი ორგანიზებული დანაშაულია, ეს არ არის საკითხი, რომელიც ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების პარალელურად დაიწყო, მაგრამ აუცილებელია მოხდეს პრევენცია. მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც მზა რეცეპტის მიცემა შეუძლია საქართველოს მთავრობისთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ ეტაპობრივად. ქართულმა ინსტიტუტებმა ძალიან ბევრი რამ გააკეთეს და ვაფასებთ ამას. ყურადღების კონცენტრირება ახლა თავშესაფრის მაძიებლებზე და ორგანიზებულ დანაშაულზე უნდა მოხდეს. მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობამ დაიწყო საინფორმაციო კამპანია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს უვიზოდ მიმოსვლა. რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, აუცილებელია რეგულარული კონტაქტი ყველა დონეზე, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება მოხდეს“, - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.
დიპლომატმა ე.წ. შეჩერების მექანიზმსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მისი აზრით, არც ევროკავშირს და არც საქართველოს ამ მიმართულებით წასვლა არ სურთ.
“არსებობს შეჩერების მექანიზმი და ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული, როდის ხდება მისი გამოყენება. არ მგონია, რომ რომელიმე ჩვენგანს, ევროკავშირს ან საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით წასვლა სურდეს. მე არ ვისაუბრებ ამაზე და აქცენტს გავაკეთებ იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ვითარების გაუმჯობესება. საჭიროა გამოცდილების გაანალიზება და დაფიქსირება, რომ შევინარჩუნოთ პოზიტიური ტენდენცია. საქმე არ ეხება შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას, არამედ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მეტ პოზიტივს და დადებით გამოცდილებას შეიძენენ საქართველოს მოქალაქეებისგან. ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ უვიზოდ მიმოსვლა გააუმჯობესებს ევროკავშირის იმიჯს საქართველოში და პირიქით“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.