სერგეი სკრიპალის საქმეში რუსეთის კვალის დამადასტურებელი ადეკვატური და დამაჯერებელი მტკიცებულებები მოსკოვისთვის არ წარუდგენიათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„სამწუხაროდ, აქამდე ოფიციალურ ლონდონს ჩვენთვის არ წარმოუდგენია ადეკვატური და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რათა განემარტათ საკუთარი პოზიცია. არანაირი ინფორმაცია ლონდონს რუსული მხარისთვის არ წარმოუდგენია. ის რაც მედიაში ვრცელდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“, - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს. ამის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.