კახა კალაძე: ჩვენი მხრიდან „სითი ინსტიტუტის“ მისამართით არცერთი შეურაცხმყოფელი განცხადება და სიტყვა არ ყოფილა და ასეც იქნება

კახა კალაძე: ჩვენი მხრიდან „სითი ინსტიტუტის“ მისამართით არცერთი შეურაცხმყოფელი განცხადება და სიტყვა არ ყოფილა და ასეც იქნება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კომპანია „სითი ინსტიტუტის“ მიერ მერიის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოსა და გაუგებარს უწოდებს.

კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსიის საჯარო განხილვაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე პოლიტიკოსების დასწრება მისი გადაწყვეტილება იყო.

„ფაქტია, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ვერ აღიქვამს ზღვარს ვიწროპარტიულ ინტერესებსა და ქალაქის განვითარებას შორის. პრეზენტაციაზე პოლიტიკოსების მოწვევა ჩემი გადაწყვეტილება იყო. ისინი წინასაარჩევნო პერიოდში ჩემი კონკურენტები იყვნენ და მინდოდა, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობა მიეღოთ, თუმცა მათ ამჯობინეს, რომ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესი გაეტარებინათ. ჰქონდათ დებოშის მოწყობის მცდელობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესაძლებლობა არ მივეცით და შეხვედრა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გენგეგმის საბოლოო ვერსიის საჯარო განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, არქიტექტორები და ურბანისტები ესწრებოდნენ, რომელთაც თავიანთ საქმიანობაში დიდი გამოცდილება აქვთ.

„რადგან ამ დოკუმენტის არსებობას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, გვინდოდა, რომ მათ თავიანთი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ და შენიშვნები გამოეთქვათ, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცათ, რადგან პოლიტიკოსები შეეცადნენ, შეხვედრა პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანათ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძე ასევე, „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მერიის მხრიდან კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არაერთხელ შედგა.