უვიზო მიმოსვლიდან ერთი წლის განმავლობაში, ევროკავშირის/შენგენის ზონაში საქართველოს 192 453-მა მოქალაქემ 258 663 ვიზიტი განახორციელა

უვიზო მიმოსვლიდან ერთი წლის განმავლობაში, ევროკავშირის/შენგენის ზონაში საქართველოს 192 453-მა მოქალაქემ 258 663 ვიზიტი განახორციელა

ევროკავშირში/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებიდან ერთი წელი გავიდა. უკვე ერთი წელია ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში/ შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით სარგებლობენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1 წლის განმავლობაში, საქართველოს 192 453-მა მოქალაქემ განახორციელა 258 663 ვიზიტი ევროკავშირის/შენგენის ზონაში, ხოლო 1001 ადამიანს უარი ეთქვა საზღვრის გადაკვეთაზე.

საქართველო-ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 2012 წლის 4 ივნისს დაიწყო, 2013 წლის 25 თებერვალს კი, საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადაეცა. აღნიშნული გეგმა შეიცავდა მოთხოვნებს, რომლებიც ქართულ მხარეს უვიზო რეჟიმის დაწესებისთვის უნდა შეესრულებინა. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დადებითად შეაფასა სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და დადებითი რეკომენდაცია გამოაქვეყნა, ამის შემდეგ კი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომაც დადებითად გადაწყვიტეს.

2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.