ხანძარი სავაჭრო-გასართობ ცენტრში შესაძლოა საბავშვო ზეიმზე გაშვებული ფოიერვერკის გამო გაჩნდა

ხანძარი სავაჭრო-გასართობ ცენტრში შესაძლოა საბავშვო ზეიმზე გაშვებული ფოიერვერკის გამო გაჩნდა

 

კემეროვის ოლქის გუბერნატორის ამან ტულეევის განცხადებით, ხანძარი სავაჭრო-გასართობ ცენტრში შესაძლოა საბავშვო ზეიმზე გაშვებული ფოიერვერკის გამო გაჩნდა, - ამის შესახებ კემეროვის ოლქის გუბერნატორმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.

„ვისაც მე შევხვდი, ამბობენ, რომ საბავშვო ზეიმი იყო და ფოიერვერკები გაუშვეს. ეს, რასაც თვითმხილველები ამბობენ. ამ ფოიერვერკების გაშვებით დაიწყო ხანძარი. შემდეგ რაც მოხდა, იცით: დაკეტილი კარები, საავარიო გასასვლელები და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობდა, ხოლო კვამლის საწინააღმდეგო სისტემა არ იყო“, - განაცხადა ამან ტულეევმა.

25 მარტს რუსეთში, კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მათ შორის უმეტესობა ბაშვები და მოზარდები არიან.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ფარგლებში ხუთი პირია დაკავებული.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის გამო, 28 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა.