ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, იქ ვიღაცეები დავპატიჟე ბარში, მერე თმები შევიჭერი

ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, იქ ვიღაცეები დავპატიჟე ბარში, მერე თმები შევიჭერი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის ბრალდებაზე, რომლის თანახმადაც, კახა კალაძე მილანში დედაქალაქის ბიუჯეტის თანხებით იმყოფებოდა, თბილისის მერი ხუმრობით პასუხობს, რომ ”მილანში მან ბიუჯეტის ფულით თმა შეიჭრა, ღამის კლუბშიც იმყოფებოდა და რესტორანშიც”.

ჟურნალისტების შესაბამის კითხვაზე კალაძემ თავდაპირველად განაცხადა, რომ ხაბეიშვილის განცხადება სასაცილოა. "სასაცილოა ამაზე ლაპარაკი”.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა მიზნით იმყოფებოდით მილანში, კალაძემ ხუმრობით უპასუხა: "ეს არის ჩემი პასუხი ხაბეიშვილის განცხადებაზე - ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, ქალაქის ბიუჯეტიდან დავხარჯე თანხები, იქ კიდევ ვიღაცეები დავპატიჟე ბარში, რესტორანში, ესეც ქალაქის ბიუჯეტის თანხებით. მერე თმები შევიჭერი, მოგწონთ თქვენ თუ არა, ესეც ქალაქის ბიუჯეტით. უბრალოდ წავედი გასართობად ქალაქის ბიუჯეტით. მერე ღამის კლუბშიც წავედი. კიდევ გავიხსენებ და წერილობით მოგაწვდით”.

მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მანანა თოქმაჯიშვილმა განმარტა, რომ 21-23 თებერვალს, კახა კალაძე რამდენიმე ქვეყანაში პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრებს მართავდა. მათ შორის, თოქმაჯიშვილის ინფორმაციით, კალაძე ლუქსემბურგში ევროპის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა, პოლონეთში შეხვდა კომპანია "სოლარისის" წარმომადგენლებს საქალაქო ავტობუსების თაობაზე, ხოლო მილანში ის იმყოფებოდა მხოლოდ ერთი საღამო და არანაირი სასტუმროს ხარჯი გაწეული არ ყოფილა. თოქმაჯიშვილის თქმით, კალაძე მილანშიც პოტენციურ ინვესტორებს შეხვდა საქალაქო ტრანსპორტის თაობაზე.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს კახა კალაძეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

ხაბეიშვილის განცხადებით, ბრძანების თანახმად, კახა კალაძე იმყოფებოდა ლუქსემბურგში, მილანსა და ვარშავაში ორ თანმხლებ პირთან ერთად და მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, ეს ვიზიტი ბიუჯეტიდან 14 000 ლარი დაჯდა.