მინდა ვთხოვო ჩვენს ხალხს, რომ ერთმანეთს განსაკუთრებულად მივულოცოთ 26 მაისის დღესასწაული

მინდა ვთხოვო ჩვენს ხალხს, რომ ერთმანეთს განსაკუთრებულად მივულოცოთ 26 მაისის დღესასწაული

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, დამოუკიდებლობის დღე ისევე იზეიმოს, როგორც ტრადიციული დღესასწაულები. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, წელს საქართველოში აღინიშნება საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე. პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, დღეიდან მოყოლებული, ხალხმა ერთმანეთს ეს დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცოს.

„საზეიმო განწყობა საქართველოს ყველა რეგიონში ერთნაირად უნდა იგრძნობოდეს. მინდა ვთხოვო ჩვენს ხალხს, რომ ამ იუბილეს განსაკუთრებით გავუსვათ ხაზი და დღეიდან მოყოლებული, ერთმანეთს განსაკუთრებულად მივულოცოთ 26 მაისის დღესასწაული, როგორც ვულოცავთ ტრადიციულ დღესასწაულებს. 26 მაისი უნდა იყოს ისეთივე საყოველთაო, სასიხარულო და საზეიმო დღე, როგორც ჩვენ გვაქვს სხვა დღესასწაულები. 26 მაისს, 17:10 საათზე, ზუსტად იმავე დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, ჩვენ ყველამ ერთად, მთელმა ქვეყანამ შევკრათ სუნთქვა და ერთად ვიზეიმოთ ეს უდიდესი დღესასწაული, რაც ჩვენი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს უკავშირდება“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ დაახლოებით 200 ღონისძიებაა დაგეგმილი.

მისივე თქმით, ღონისძიებები გაიმართება როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. პრემიერმა კერძო სექტორს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

„100 წელი სრულდება საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ. ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროგრამის განხორციელებას როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში, რომელშიც ჩართული იქნება აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყება, ჩვენი საელჩოები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღის აღნიშვნაში კერძო სექტორიც შემოგვიერთდა და მინდა მოვუწოდო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ რაც შეიძლება ფართოდ მიიღონ მონაწილეობა ამ ზეიმის სათანადოდ აღნიშვნაში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.