რაც დრო გავა, მით უფრო მეტად გააცნობიერებს ყველა ადამიანი, თუ რამხელა გმირია არჩილ ტატუნაშვილი

რაც დრო გავა, მით უფრო მეტად გააცნობიერებს ყველა ადამიანი, თუ რამხელა გმირია არჩილ ტატუნაშვილი

ორიოდე დღის წინ მიწას მივაბარეთ ქართველი ვაჟკაცის - არჩილ ტატუნაშვილის ნეშტი, რომელიც სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, ვინაიდან მტრებმა ვერ შელახეს მისი ღირსება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

კვირიკაშვილმა განცხადება მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა და აღნიშნა, რომ რაც დრო გავა, მით უფრო მეტად გააცნობიერებს ყველა ადამიანი, თუ რამხელა გმირია არჩილ ტატუნაშვილი.

„მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ადამიანები, რომლებმაც აწამეს ქართველი ვაჟკაცი, არიან ქართულ-ოსური შერიგების და საქართველოს გაერთიანების მტრები. ამიტომ, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს დღევანდელ დღეს ამის თქმა და ტკივილით აღსავსე თითოეული სიტყვა, რომელსაც მე ვამბობ, ქართული სახელმწიფო თანმიმდევრულად გააგრძელებს შერიგების პოლიტიკას. ვთხოვ, ქეთევან ციხელაშვილს, დიდი ხნით არ გადავდოთ იმ ნაბიჯების პაკეტის განხილვა, რომელიც მას მომზადებული აქვს. მოვუწოდებ პარლამენტს, დავსხდეთ და თანმიმდევრულად გავაგრძელოთ ის ნაბიჯები, რომლებსაც ამ უმძიმეს ინცინდენტამდე ვახორციელებდით. მეორეს მხრივ, ჩვენი სახელმწიფო, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან მტკიცე კონკრეტულად იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს და სამართლებრივი კუთხით გადადგამს იმ ნაბიჯებს, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით, რომ დამნაშავეები დაისაჯონ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი ვერანაირად აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა.

„რაც შეეხება რუსეთს, რა თქმა უნდა, რუსეთი ვერანაირად აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა და ეს პასუხისმგებლობა დაფიქსირებულია საერთაშორისო რეზოლუციებში, მათ შორის, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევის შედეგად - ევროსაბჭოს არაერთ რეზოლუციაში, სადაც ცხადად, შავით თეთრზე წერია, რომ ქვეყანა, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აგებს პასუხს იქ ადამიანის უფლებების დარღვევებზე. რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა, არის მკვლელობა, ძალიან დიდი ტრაგედია, მაგრამ მას ჰყავს კონკრეტული პასუხისმგებლები“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე შეფასებით, საქართველომ მტკიცედ, თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გააგრძელოს ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური შერიგების და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების პროცესი.

„ასე, რომ ასეთმა გასაჭირმა უნდა გაგვამაგროს. რა თქმა უნდა, არჩილის ოჯახს, მის მშობლებს, რომლებმაც გმირი გაზარდეს, დიდი ყურადღება უნდა მიექცეთ და ჩვენმა სახელმწიფომ მტკიცედ, თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გააგრძელოს ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური შერიგების და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების პროცესი. არავის გვეპარება ეჭვი, რომ ეს აუცილებლად მოხდება და ჩვენი თაობის ვალია, ეს რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.