პრემიერის ინიციატივა აეროპორტთან დაკავშირებით არის არა მხოლოდ ინიციატივა, არამედ სასარგებლო ინფორმაციაც, რაც ტურისტების ნაკადის ზრდაზე აუცილებლად აისახება, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მოცემულ ეტაპზე ქვეყანას სჭირდება ბევრი ასეთი პროექტი - აეროპორტები, რკინიგზა, ხიდები და გვირაბები, ახალი გზები და ინფრასტრუქტურა. მით უფრო გვჭირდება იქ, სადაც ყველასთვის თვალსაჩინოა ადგილობრივი მოსახლეობის თუ საერთაშორისო ტურისტების სიმრავლე, ასეთი მიზიდულობის ადგილი ნამდვილად არის კახეთი და ამ ინიციატივას ექნება ყველა ეტაპზე სასიკეთო გავლენა. ეს ინიციატივა სასარგებლოა ახლაც, რადგან მიიპყრობს უფრო მეტი ტურისტის ყურადღებას და მით უმეტეს, დიდი შედეგის მომტანი იქნება მისი სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, რადგან კახეთის და მთლიანად საქართველოს ტურისტული პოტენციალი შეიძლება ითქვას ამოუწურავია“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ, რომლის კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კახეთში აეროპორტის განვითარებისა და რკინიგზის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. მისი განცხადებით, კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი, სადაც პირველ ეტაპზე პირდაპირი ჩარტერული რეისები განხორციელდება, შემდგომში კი შესაძლოა, რეგულარული რეისებიც დაინიშნოს.