ცვლილებების მიზანია, შექმნან ილუზია, რომ მომავალში სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს ვინმე გამოიძიებს

ცვლილებების მიზანია, შექმნან ილუზია, რომ მომავალში სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს ვინმე გამოიძიებს

ცვლილებების მთავარი მიზანია, შექმნან ილუზია, რომ მომავალში სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს ვინმე გამოიძიებს, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს. 

ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილების გაზრდა და გამოძიების ფუნქციის მინიჭება, გამოწვევას ორი მიმართულებით ვერ პასუხობს. 

„პირველ რიგში, მისი უფლებამოსილება იქნება შეზღუდული და არ გავრცელდება ყველა სამართალდარღვევაზე, რომელიც შეიძლება სამართალდამცველმა ჩაიდინოს. ასევე იმ ნაწილზე, რომელზეც შეიძლება გავრცელდეს, ინსპექტორი იქნება მნიშვნელოვნად შეზღუდული პროკურორის ზედამხედველობით. ეს საკითხი არის წინააღმდეგობრივი და უბრალოდ თავის მოტყუება, რომ დამოუკიდებლობის ელემენტები შემოდის. ამ ცვლილებების მთავარი მიზანია შექმნან ილუზია, რომ მომავალში სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს ვინმე გამოიძიებს. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, ახალი სახელმწიფო ორგანოს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა, რომლის უფლებამონაცვლე სახელმწიფო ინსპექტორი იქნება. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებაში ამჟამად მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებები შევა - კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, აგრეთვე, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი.

გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებაში ექცევა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება.