ჩვენი რეზოლუციით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ეხება არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს, არის საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება, მათ შორის საერთაშორისო მხარეების მონაწილეობით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
„ეს არის მიღწევადი მიზანი და ჩვენ ამ მიმართულებით საერთაშორისო ფორმატებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გამოძიება მივიდეს ბოლომდე. როგორც იცით, გიგა ოთხოზორიას შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ გამოძიება დაასრულა და სასამართლომ პასუხისგებაში მისცა მკვლელი, რომელიც მართლმსაჯულების წინაშე ჯერ არ წარმდგარა იმ მიზეზის გამო, რომ საოკუპაციო რეჟიმი ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელებას. თუმცა, ეს ადამიანი საერთაშორისო დონეზე იძებენება. გარწმუნებთ, რომ ადრე თუ გვიან მას აუცილებლად მოუწევს მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა.დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევით იგივე მოხდება არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებზე", - აღნიშნა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზად დაცვისთვის წინააღმდეგობის გაწევისას კიბეზე დაცემა დაასახელა.
მომხდარის გავრცელებისთანავე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით ამოქმედდა ცხელი ხაზი, გაიმართა არაერთი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში; საკითხის მოგვარებაში ჩაერთო ყველა სახელმწიფო უწყება და სადამკვირვებლო მისია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტატუნაშილის ოჯახი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდა და აქციაც კი გამართეს, თუმცა, მოგვიანებით, მათ შინაგან საქმეთა მინისტრი ესაუბრა და ოჯახმა ხელისუფლებას სამოქმედოდ დრო მისცა.
26 დღის განმავლობაში სოფელ წილკანში, ტატუნაშვილების ოჯახში პანაშვიდი მიმდინარეობდა. ადგილზე არაერთხელ ჩავიდნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.
20 მარტს, ღამით კი, „წითელი ჯვრის“ მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცა, რომელიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღიანი მოლოდინის შემდეგ, 21 მარტს გამთენიისას საკუთარ ოჯახში გადაასვენეს.
არჩილ ტატუნაშვილის გარცვალების საქმეზე საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მთავრობა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას შეადგენს და სიაში შესულ ადამიანებს სანქციები დაუწესდებათ. ოფიციალური თბილისი რუსულ აგრესიას გმობს.
გარდაცვლილი სამხედრო 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.