„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ უნდა მოხვდნენ არამარტო დანაშაულის ჩამდენი პირები, არამედ ისინიც, ვინც მათ ხელს აფარებდა

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ უნდა მოხვდნენ არამარტო დანაშაულის ჩამდენი პირები, არამედ ისინიც, ვინც მათ ხელს აფარებდა

აბსოლუტურად ვეთანხმები გიგა ოთხოზორიას დედას, რომ მარტო კანჯი-ოღლი თუ მოხვდა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“, ეს სია არ იქნება. სიის მთელი ეფექტი იმაშია, რომ მასში მოხვდეს მთელი რიგი ადამიანები, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული და ვინც ხელს აფარებდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ განუცხადა. 

ბოკერია ხაზს უსვამს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ჩანაწერს იმის შესახებ, რომ მთავრობამ „დადგენილებით დაამტკიცოს და 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე, ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია“. დეპუტატის თქმით, როცა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით“ პარლამენტში მივა, მთავრობას კარგად უნდა ესმოდეს, თუ რას ელიან მისგან.

„განხილვებისას კონკრეტული მაგალითები მოვიყვანეთ, რომ ყველასთვის ნათელი ყოფილიყო, რა არის ხელის დაფარება - მაგალითად, ოთხოზორიას შემთხვევაში სიაში უნდა მოხვდნენ არა მხოლოდ კანჯი-ოღლი და მისი თანმხლები პირები, არამედ მარიონეტული და საოკუპაციო სტრუქტურების ის წარმომადგენლები, ვინც უშუალოდ პასუხისმგებელნი იყვნენ ამ დანაშაულის დაუშვებლობაზე, ხოლო შემდეგ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამყარებული, არალეგიტიმური რეჟიმის ფარგლებში ამ პირების დასჯაზე. მათ შორის, „პროკურორი“, რომელმაც ხელი დააფარა კანჯი-ოღლის, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ე.წ. სასაზღვრო სტრუქტურების ხელმძღვანელი, როცა ოთხოზორიას მკვლელობა მოხდა. ყველა ამ პირს უნდა წაეყენოს ბრალი და ამის გაკეთება ძალიან ადვილია, იმიტომ რომ ისინი არ თანამშრომლობენ ქართულ გამოძიებასთან და ამის შემდეგ ისინი ავტომატურად მოხვდებიან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“, - განაცხადა ბოკერიამ. 

მისივე თქმით, ეფექტისთვის ერთადერთი სიფრთხილე საჭიროა, რომ სიაში ძალიან მაღალი თანამდებობის პირების შეყვანა არ მოხდეს, თუმცა საქართველოს მთავრობისგან ამ რისკს არ ელოდება.

„ყველაფერზე პასუხისმგებელი არის პუტინი, ოღონდ პუტინი თუ შეიყვანე სიაში, იმ შემაკავებელ ეფექტს კარგავს, რასაც უნდა გრძნობდნენ ის თანამდებობის პირები, ვინც უშუალოდ პასუხისმგებელნი იყვნენ მომხდარზე“, - დასძინა ბოკერიამ.