თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის, თადარიგის გენერალ-მაიორის სოსო ალავიძის განცხადებით, 14 წლამდე მოზარდებს მისი კომპანიის მიერ დაცულ არაერთ ობიექტზე დანაშაული ჩაუდენიათ, - ამის შესახებ თადარიგის გენერალ-მაიორმა სოსო ალავიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას 14 წლამდე მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, სად გადის ზღვარი მართლწესრიგსა და კრიმინალს შორის, სოსო ალავიძის განცხადებით, ზღვარი გადის კანონზე. მისივე თქმით, აბსოლუტურად კანონშესაბამისად უნდა იყოს ყველაფერი.
„ვინაიდან კანონი გვეუბნება ჩვენ, რომ მცირეწლოვანი, ანუ 14 წლამდე ასაკის მოზარდი არ შეიძლება მიცემულ იქნას პასუხისგებაში და მის მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, ამას მერწმუნეთ, რომ იყენებს მასზე გაცილებით უფროსი, რომელიც ამ ბავშვებს ჩაადენინებს დანაშაულს. მე თავად მაქვს დაცვის კომპანია და ვარ მისი გენერალური დირექტორი, არაერთ ჩვენს ობიექტზე განხორციელებულა მსგავსი რამ, ამის შესახებ არსებობს ვიდეოკამერები, ამაზე რეაგირებას აკეთებს პოლიცია. პოლიციამ ჩემზე გაცილებით უკეთესად იცის, ვინ არის ამის ჩამდენი, მაგრამ რა ვქნათ, კანონს გვერდს ვერ აუვლის - არ შეიძლება მცირეწლოვნის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდეს. მე რაც ვიცი, ათობით ასეთი დანაშაული აქვთ მცირეწლოვნებს ჩადენილი. მუშაობს ასეთი ბავშვთა ჯგუფი, ვერ გეტყვით მართლა ვიღაც უფროსი ხელმძღვანელობს თუ ეს ცალ-ცალკე ბავშვთა დაჯგუფების მიერ ხორციელდება, მაგრამ ყოველშემთხვევაში, ამას უდავოდ აქვს ადგილი. რატომ აქვს ამას ადგილი? ის ინსტიტუციები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ასოციალური ბავშვების გამოვლენა მომხდარიყო, მათი ჩართულობა ყოფილიყო სპორტში, მომხდარიყო მათი მიბრუნება განათლებისკენ, ოჯახისკენ, ისინი აღარ არსებობენ, თუნდაც იგივე ბავშვთა ოთახები, არასრულწლოვანთა ინსპექცია, პედაგოგიური ჩარევა სამართალდამცველებთან ერთად. ეს ინსტიტუციები წაიშალა, ამიტომ ბავშვმა მოძებნა ყველაზე იოლი გზა“, - განაცხადა ალავიძემ.
მისივე ინფორმაციით, 14 წლმადე მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაული ძალიან ხშირია.
ალავიძის განცხადებით, ისინი დანაშაულს ჩადიან სააფთიაქო ქსელებში, სავაჭრო ობიექტებში, სადაც „სალაროში შეიძლება ეგულებოდეთ მცირედი თანხაც კი“.