„ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს ინიციატივას, ტატუნაშვილის საქმეზე საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს

„ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს ინიციატივას, ტატუნაშვილის საქმეზე საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს

„ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს ინიციატივას, ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი სარჩელი შეიტანოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განუცხადა, ეს წინადადება თავდაპირველად არასამთავრობო სექტორის მხრიდან წამოვიდა და მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი მას მხარს უჭერს.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით ჩვენ შეხვედრა გვქონდა არასამთავრობო სექტორთან. ერთ-ერთმა ორგანიზაციამ იქ გააჟღერა ინიციატივა, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფოთაშორისი სარჩელი შევიდეს. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან კარგი იდეა. ჩვენ მაშინაც მხარი დავუჭირეთ ამ ინიციატივას. პრეზიდენტის მხრიდან ინიციატივის მხარდაჭერა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგადად, თუ სახელმწიფო ამ ნაბიჯს გადადგამს, მხოლოდ მისასალმებელი იქნება. ბუნებრივია, ეს არ არის ნაბიჯი, რომელიც მყისიერ შედეგებს მოიტანს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივად საბრძოლველად, ისევე როგორც ჩვენი საერთაშორისო პოზიციების გასამაგრებლად და ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოძიების ხელშესაწყობად და შემდეგ დამნაშავეების დასასჯელად, უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა კაპანაძემ.

დეპუტატის თქმით, მიზანშეწონილი იქნება ეს იყოს სწორედ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი, ვინაიდან რუსეთი ოკუპანტი სახელმწიფოა და საქართველომ უნდა გამოიყენოს საერთაშორისო სასამართლოები ამის ხაზგასასმელად.