თბილისში სტრიტ არტის სხვადასხვა პროექტის განხორციელება იგეგმება

თბილისში სტრიტ არტის სხვადასხვა პროექტის განხორციელება იგეგმება

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში სტრიტ არტის სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს. მან მერის მოადგილეს სოფიო ხუნწარიას დედაქალაქში იმ ადგილების განსაზღვრა დაავალა, რომელიც სამომავლოდ უნდა მოიხატოს.  

„მოგეხსენებათ, ეს არის  თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ფორმა და თვითგამოხატვის საშუალება. ჩვენ ამ მიმართულებით ერთი პროექტი უკვე განვახორციელეთ და საკმაოდ წარმატებული იყო. ვგულისხმობ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვას. მინდა დავავალო სოფიო ხუნწარიას, არქიტექტურის სამსახურთან ერთად მოიძიონ ქალაქში კონკრეტული ადგილები, რაც სამწუხაროდ ბევრი გვაქვს - უსახური შენობები, კედლები, ხიდები და მიწისქვეშა გადასასვლელები. გთხოვთ, გამოყოთ ასეთი ადგილები და მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება. ახალგაზრდებს მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ თავიანთი ნიჭი მოახმარონ ქალაქს და გთხოვთ, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოთ ამ სამუშაოების განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.