კადაფის შვილი: ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ მტკიცებულებები გამაჩნია

კადაფის შვილი: ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ მტკიცებულებები გამაჩნია

ლიბიის ყოფილი მმართველის მუამარ კადაფის შვილის სეიფ ალ-ისლამის განცხადებით, მას უტყუარი მტკიცებულებები აქვს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ. 

ამის შესახებ მუამარ კადაფის შვილმა Africanews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

„მინდა დავაზუსტო, რომ მე მყარი მტკიცებულებები გამაჩნია ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ. მინდა აღვნიშნო, რომ როგორც მოწმე, მე, ამ საქმის გამოძიების ფარგლებში დაკითხული ჯერ არა ვარ. ასევე არ დაუკითხიათ აბდალა სენოუსი, ლიბიის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელსაც სარკოზსა და კადაფს შორის ტრიპოლიში გამართული პირველი შეხვედრის ჩანაწერები აქვს“, - განაცხადა სეიფ ალ-ისლამიმ. 

მუამარ კადაფის შვილმა ასევე მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და განაცხადა, რომ „ლიბიაში მომხდარ ქაოსზე, ტერორიზმისა და არალეგალურ მიგრაციაზე ნიკოლა სარკოზია პასუხისმგებელი“.

„მოვუწოდებ პრეზიდენტ მაკრონს, ზომები მიიღოს, რათა მხარი დაუჭიროს ლიბიაში არჩევნების ჩატარებას და იმ შეცდომის გამოსწორებას, რომელიც მისმა წინამორბედმა დაუშვა“, - დასძინა მან. 

გუშინ, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების საქმეში ბრალი წაუყენეს. ნიკოლა სარკოზის გამოძიებამ ბრალი წაუყენა პასიურ კორუფციაში, საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებასა და ლიბიური სახელმწიფო სახსრების მიმალვაში. ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკოლა სარკოზი სასამართლო კონტროლის ქვეშ იქნება.