ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცემოდა

ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცემოდა

ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცემოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ერგნეთის საგუშაგოსთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, შსს დანაშაულის გამოძიებას აწარმოებს, ცხედარს თბილისში ჩაუტარდება ექსპერტიზა და რამდენიმე საათში გადაასვენებენ ოჯახში. 

ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ წარმომადგენლებს გადაეცათ. დეფაქტო გენპროკურატურის თანამშრომლებმა კომიტეტის წარმომადგენლებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მასალებიც გადასცეს, რომელშიც ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზია დასახელებული. ცხედრის გადაცემა ცხინვალის პროზექტურაში მოხდა.

ერგნეთის საგუშაგოსთან იმყოფებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.