ცხინვალის დეფაქტო გენპროკურატურა ადასტურებს, რომ ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადასცემს

ცხინვალის დეფაქტო გენპროკურატურა ადასტურებს, რომ ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადასცემს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება სამშაბათს ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედართან ერთად, დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის დასკვნას გადასცემს, - ამის შესახებ „სპუტნიკს“ დეფაქტო გენპროკურატურაში განუცხადეს.

„ჩვენ დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნას ველოდით, რომელიც მანამდე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დავუკვეთეთ. ამ დროისთვის დასკვნა უკვე მიღებულია და როგორც ადრე განვაცხადეთ, ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს გადავცემთ ექსპერტების დასკვნასთან ერთად“, - აღნიშნეს ე.წ. გენპროკურატურაში.

მათივე თქმით, ცხედართან ერთად გადმოცემული იქნება სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ტატუნაშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადავიდა. სააგენტოს ცნობით, ცხედრის გადმოცემის შუამავალია „წითელი ჯვრის კომიტეტის“ საერთაშორისო მისია.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.