ნუკრი ქანთარია: „ნაცებთან შეთანხმებულ რეზოლუციას არ მივესალმები - მგონია, მათი ტაქტიკაა გადაგვიყვანონ საკუთარ ბილიკზე“

ნუკრი ქანთარია: „ნაცებთან შეთანხმებულ რეზოლუციას არ მივესალმები - მგონია, მათი ტაქტიკაა გადაგვიყვანონ საკუთარ ბილიკზე“

„შეიძლება საერთაშორისო ორგანიზაციების ყურს უფრო ესიამოვნოს ასეთი ერთიანი რეზოლუცია, თუმცა ამაში დიდ სასიხარულოს და აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ ესენი არიან რეჟიმის ნამსხვრევები, რომელთა სულისკვეთების შედეგად მოხდა ჩვენი ტერიტორიების აღიარება. მათმა უგუნურმა პოლიტიკამ მისცა საფუძველი რუსეთის ხელისუფლებას ეღიარებინა ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდა. სიტუაცია არის ურთულესი. მათთან ერთად რეზოლუციის მიღებას მე, პირადად, არ მივესალმები. საერთოდაც მგონია, რომ მათი ტაქტიკაა გადაგვიყვანონ მათ ბილიკზე. ზოგს ეჩვენება, რომ ეს კონსტრუქციული ოპოზიციის ნიმუშია. სინამდვილეში ეს ასე არაა. ჩვენ ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა ვერ გაიგოს, სად მთავრდება ნაცმოძრაობის ნამსხვრევები და სად იწყება „ოცნება“.

რაც შეხება თვითონ რეზოლუციას, უმჯობესი იყო ამ ეტაპისთვის კონცენტრაცია ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ყოფილიყო. აქ კი მთელი პრობლემებია კონცენტრირებული. რეზოლუცია უნდა შევაფასოთ, როგორც ჩვენი პოზიციის კიდევ ერთხელ დაფიქსირება. არა მგონია, ამან საერთაშორისო აზრის კონსოლიდაციაზე დიდი გავლენა იქონიოს. ზოგადადაც, არც დიდი მოლოდინები აქედან არ უნდა შეიქმნას.

რაც შეეხება სიას, როცა რეზოლუციაში ასეთ რამეს წერ, ჯერ ეს საკითხი უნდა მომზადდეს ხოლმე იმ ქვეყნებთან და მერე შევიდეს რეზოლუციაში. ახლა საფუძველი არ მაქვს ვთქვა, რომ ეს სანქციები შესრულებული იქნება. თუმცა, პარლამენტს გარკვეული პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა მომხდარი უმძიმესი ფაქტიდან გამომდინარე და ახლა სწორედ ეს პოზიცია ფიქსირდება.

მიმაჩნია, რომ ამ რთულ ვითარებაში, რაშიც ვიმყოფებით, ნებისმიერი ჩვენი ქმედება გარკვეულ შედეგზე უნდა იყოს გათვლილი და არა მხოლოდ სიტყვებად, პოზიციის დაფიქსირებად დარჩეს. თითქოს რაღაც სივრცე ჩნდება, ქვეყნის გამთლიანების გზით უნდა წავიდეთ. აუცილებელია ჟენევის მოლაპარაკებების სხვა სიმაღლეზე აყვანა. რუსეთთან მიმართებაში კარასინი-აბაშიძის ფორმატსაც სჭირდება გარკვეული დამატება, გაღრმავებაზე უნდა იყოს საუბარი. კარგი იქნება, თუ ჟენევის ფორმატში შედგება მაღალი რანგის პირების საუბარი. ასევე მნიშვნელოვანია ინდივიდუალური დიალოგი. პრობლემა ახლა რომ არ გადაწყდება, გასაგებია, თუმცა არ უნდა მოვდუნდეთ. პრობლემას არ უნდა დავცილდეთ. ვურჩევდი ყველას, ვინც ამ საქმით არის დაკავებული, ისტორია არ დავივიწყოთ. პოლიტიკური ამინდი ჯერჯერობით საჩვენოდ არ არის, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის დასუსტებას, ჩამოშლას უნდა ველოდოთ. ინდივიდუალურად თუ მოვახერხებთ ადამიანური ძაფების ძებნა, კარგი იქნება. ამ მხრივ მუშაობა ყოველდღიურად უნდა მიდიოდეს და არა იმ მხრივ იყოს მცდელობები, ვინ უფრო მწვავე განცხადებას გააკეთებს რუსეთის მისამართით. ფიქრობ, გარკვეული გზები უნდა ვეძებოთ, რათა პრობლემას არ დავშორდეთ და ამასთან, საერთაშორისო საზოგადოების დახმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, ძალიან მნიშნელოვანია.

ისტერიკა, კივილის ნაცვლად საქმიანი მცდელობები უნდა დაიწყოს. მე ამის მომხრე ვარ. ეს არის ერთი გზა. თუმცა არის მეორე გზაც - ნაძრახი სიცოცხლიდან გამომდინარე, ყველა შევასკდეთ და ერთიანად ისტორიაში გადავინაცვლოთ, რათა შემდგომში გიდებმა დამთვალიერებლებს ექსკურსიებზე აუხსნან, რომ ამ ადგილას ოდესღაც ქართველები ცხოვრობდნენ. ძალიან ადვილია, როცა ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობისგან შორს დგახარ, თბილად მოკალათებულმა, თუნდაც ქვეყნის გარედან, უპასუხისმგებლო განცხადებები აკეთო და ხელისუფლების გადაწყვეტილებები აკრიტიკო.