გორის რაიონის სოფლებში კოალიცია ,,ქართული ოცნების” ცნობილი სახეები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ და გორის კულტურის ცენტრის წინ დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. ,,ქართული ოცნების” წევრებს შეხვედრის ჩატარების ნებართვა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ნაცვლად მთავარი მოედნისა, კომბინატის ტერიტორიაზე მისცა. ,,ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი შიდა ქართლელ მხარდამჭერებს გორში 15 ივლისს, 19 საათზე შეხვდება.
მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე და უფლებადამცველი მანანა კობახიძე სოფლებში – ხიდისთავში, ქვახვრელში და უფლისციხეში ჩავიდნენ. კახი კალაძემ კი სკრის ზონის სოფლები შემოიარა. სოფელ ხიდისთავში მოსახლეობასთან შეხვედრას თვალყურს ნაციონალური მოძრაობის წევრები – სოლომონ გოგიჩაიშვილი, გიორგი ბარჯაძე და მისი მეგობრები ადევნებდნენ. სოლომონ გოგიჩაიშვილი ამავე დროს გორის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტია. მათ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს გადაღების შეწყვეტისკენ მოუწოდეს და ფოტოების გამოქვეყნების შემთხვევაში დაემუქრნენ. შეკრებაზე მისულმა მოსახლეობამ კი 15 ივლისის აქციაზე წასასვლელად მზადყოფნა გამოთქვა.