თითქოს თვითონ ხელიც დაუბანიათ და თითქოს არც ტატუნაშვილის საქმესთან არ აქვთ კავშირი - ასეთია რუსული პოლიტიკა და ამ პოლიტიკით არსებობენ

თითქოს თვითონ ხელიც დაუბანიათ და თითქოს არც ტატუნაშვილის საქმესთან არ აქვთ კავშირი - ასეთია რუსული პოლიტიკა და ამ პოლიტიკით არსებობენ

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის საპასუხოდ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. 

როგორც ვოლსკიმ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რუსეთის პოლიტიკის გათვალისწინებით, არავის ჰქონდა იმის ილუზია, რუსეთი იტყოდა, რომ მასზე არის დამოკიდებული თბილისი-ცხინვალის და თბილის-სოხუმის ურთიერთობების მოგვარება. 

„რუსეთი არ აღიარებს იმას, რომ ეფექტურ მმართველობას თავად ახორციელებს. ის, რომ საკითხი პირდაპირი დიალოგით უნდა მოგვარდეს, ამაზე რუსეთის პრეზიდენტსაც არაერთხელ უთქვამს. თითქოს თვითონ ხელიც დაუბანიათ და თითქოს არც ტატუნაშვილის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ასეთია რუსული პოლიტიკა და ამ პოლიტიკით არსებობენ. ასე რომ, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ვითარება რთულია და ამ რთულ ვითარებაში ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვრჩებით. შეგვიძლია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის დონეც ავამაღლოთ და ინტენსივობაც შევმატოთ. მოლაპარაკების მაგიდასთან გამოჩნდება, ვის რა შეუძლია და როგორ დაანახებს თავს, თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრობას. არავის უფიქრია, რომ ადვილი პროცესი გაიმართება, რუსეთი ხელს აწევს და იტყვის: კი ბატონო, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ კონსესუსის მისაღწევად. 1 000 კილომეტრია გასავლელი თუ ერთი კილომეტრი, პირველი ნაბიჯი აუცილებლად გადასადგმელია“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გია ვოლსკიმ.