„იოანე გაღლეტილი“ და მისი მთავრობა: „მეტი სარგებელი ხალხისათვის“?!

„იოანე გაღლეტილი“ და მისი მთავრობა: „მეტი სარგებელი ხალხისათვის“?!

სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ქვეყანა კონსტიტუციურად იმართება, მთავრობის ცვლილება, თუ ეს არჩევნების შედეგად არ ხდება, საგანგებო მოვლენაა. მთავრობის რიგგარეშე შეცვლა პოლიტიკური კრიზისითაა განპირობებული და სწორდ ამ კრიზისის დასაძლევად თუ განხორციელდება. რიგგარეშედ, საგანგებოდ მთავრობა მხოლოდ სამთავრობო კრიზისის შემთხვევაში, ე.ი. მაშინ, როცა იგი თავს ვერ ართმევს მმართველობით ამოცანებს და ნდობას კარგავს, იცვლება. როგორც წესი, სამთავრობო კრიზისიდან ორი გამოსავალია – მანდატს კარგავს მთავრობა და იგი ახალი მთავრობით იცვლება, ან მანდატს კარგავს პარლამენტი და მაშინ, რიგგარეშე არჩევნები ტარდება.

ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ ჩვენში სამართლებრივი სახელმწიფოსაგან სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. მართლაც, არჩევნები კარს არის მომდგარი და სულ რაღაც სამ–ოთხ თვეში მთავრობა ისედაც უნდა შეიცვალოს. გილაურის მთავრობას რაიმე განსაკუთრებული არ ჩაუდენია, რომ მისთვის პრეზიდენტს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მანდატი ჩამოერთმია. მაშ რა უნდა იყოს ის განსაკუთრებული მიზეზი, რამაც სააკაშვილს ეს წინასაარჩევნო ნაბიჯი გადაადგმევინა?

საქმეც იმაშია, რომ სააკაშვილს მთავრობის შესაცვლელად განსაკუთრებული მიზეზი არცა სჭირდება. როგორც მაგ. ექსპერტების გურუმ გია ნოდიამ ავტორიტეტულად განაცხადა, საქართველოში მთავრობის ცვლილება პოლიტიკურ კრიზისს სულაც არ უკავშირდება და მით უმეტეს, იგი არსებულ ვითარებაში სამთავრობო კრიზისის ვერც ერთ ნიშანს ვერ ხედავს.

გამოდის, რომ საქართველოში მთავრობის რიგგარეშე შეცვლა რაიმე განსაკუთრებული და საგანგებო კი არა, არამედ სრულიად ჩვეულებრივი, ორდინალური მოვლენა ყოფილა. თუმცა მას ყოველთვის ახლდა ფუჭი ხმაური, რომ რაღაცა განსაკუთრებული მოხდა და ხელოვნურად გაღვივებული აჟიოტაჟი, რომ თურმე ახალი ეპოქა დაიწყო.

მთავრობის შეცვლის ორდინალურ მოვლენად შეფასებაში გია ნოდიას უსიტყვოდ უნდა დავეთნხმოთ, რადგან კარგად ვიცით, რომ ჟვანიას შემდგომ სააკაშვილის ეფემერული მთავრობების ცვლა მმართველი რეჟიმის პოლიტიკის არსებით ცვლილებებთან დაკავშირებული ნამდვილად არ არის.

ეს უღიმღამო მთავრობები უპირატესად განტევების ვაცის როლს თამაშობდნენ და სააკაშვილი წარამარა იმიტომ ცვლიდა მათ, რომ საკუთარი ყოვლისშემძლეობა, შეუმცდარობა და უზენაესობა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაედასტურებინა; ასევე, უკმაყოფილოთა თვალში თავისი წარუმატებლობა დათხოვნილი მთავრობისათვის გადაებრალებინა. მთავრობა „გასაწკეპლი ბიჭია“, სააკაშვილის მეხამრიდია, მას დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა არც აქვს და პრეზიდენტის ერთი წარბის აწევითაც ახალ ფიარს უყოყმანოდ ეწირება. ხოლო პარლამენტს, რომელმაც, წესით, ბოლო სიტყვა უნდა თქვას და მთავრობას მანდატი უბოძოს ან ჩამოართვას, არც არავინ არაფერს ეკითხება.

მთავრობათა ცვლის ეს სააკაშვილისეული პრაქტიკაც სავსებით ნათლად მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს არა სამართლებრივ ერი–სახელმწიფოსთან, რომელსაც კონსტიტუციური ინსტიტუციები განაგებენ, არამედ კორპორაციასთან, სადაც ძალაუფლება კორპორაციის აქციონერთა შორის კერძო, არაფორმალიზებული ურთიერთობებით არის გადანაწილებული.

ამ კორპორაციის უფრო დეტალური დახასიათების მცდელობას დაინტერესებული მკითხველი შეიძლება ადრინდლ წერილში („რანი არიან ლიბერასტები და როგორ იბრძვიან ისინი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ) გაეცნოს (იხ.http://www.for.ge/view.php?for_id=13139&f_cat=&a_title=rani+arian+liberastebi+da+rogor+ibrZvian+isini+qarTvelobis+winaaRmdeg+(meore+nawili). ამჟამად კი წინასაარჩევნოდ მთავრობის შეცვლის მიზნების ამოსაცნობად შევეცადოთ კორპორაციაში ძალაუფლების განაწილების სურათი და კორპორაციულ წყობაში ე,წ. არჩევნების ადგილი მიმოვიხილოთ.

კორპორაციული წყობის პირობებში პრეზიდენტად, მთავრობად და პარლამენტად სახელდებული პოლიტიკური ორგანოები, არა ნამდვილი, არამედ მხოლოდ ილუზორული, მოჩვენებითი ფსევდო–ინსტიტუციები არიან. ისინი არა ხალხის, არამედ კორპორაციულ მანდატს ფლობენ და ძალა–უფლების განაწილება მათ შორის არა კონსტიტუციით, არამედ დაუწერელი კორპორაციული "კანონებით“ წესრიგდება. ყველა უფლება და რაც მთავარია, ძალმოსილება ამ უფლებათა განსახორციელებლად არა ხალხისგან, არამედ მხოლოდ კორპორაციისაგან წარმოდგება.

ამ დაუწერელი კორპორაციული „კანონების“ ამოხსნა–ამოცნობა რთული არ არის, რადგან რვა წელიწადის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ მათი „უფლებაცა“ და „ძალაც“; საკუთარ ზურგზე ბოლომდე ვიწვნიეთ განუკითხავი კორპორაციული ბატონობის უმძიმესი შედეგები.

არაერთგზის დავრწმუნდით, რომ მთავარი კორპორაციული კანონი, ანუ კორპორაციის „კონსტიტუცია“, რომლისაგან ყველა დანარჩენი ასევე დაუწერელი კორპორაციული წესი გამომდინარეობს, ძალზე მარტივია. კორპორაციის უზენაესობა ხალხის უზენაესობის სანაცვლოდ – სწორედ ეს არის ჩვენი ნამდვილი კონსტიტუცია.

ყველა ხელისუფლების წყარო კორპორაციაა და არა ხალხი. კორპორაციის უზენაესობის კანონი მარადიულია და უცვალებელი – ყველგან და ყოველთვის მოქმედებს, სადაც კი კორპორაციის იურისდიქცია ვრცელდება. ამ ძირითადი კანონისაგან გამომდინარეობს ყველა პოლიტიკური ფსევდო–ინსტიტუტის სტატუსიც. სინამდვილეში ისინი კორპორაციის ძალაუფლების აბსოლუტიზაციას ემსახურებიან. მათი რეალური უფლებამოსილებანი, მხოლოდ კორპორაციის უზენაეს ნებაზეა დამოკიდებული და არა იმ ფარატინა ქაღალდზე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციას უწოდებენ და საკუთარ „დილიხორზე“ დილა–საღამოს ცვლიან.

ხელისუფლებათა დანაწილების, ურთიერთბალანსისა და ურთიერთშეკავების პრინციპს კორპორაციულ წყობაში ერთი დღეც არ უმუშავია. კორპორაცია ინსტიტუციონალიზებული მხოლოდ მოჩვენებითადაა, სინამდვილეში მისი ძალაუფლება ერთიანი, სრული, დაუნაწევრებელი და აბსოლუტურია. კორპორაციის აქციონერები ფსევდო–ინსტიტუტებსა თუ ორგანიზაციებს მხოლოდ ტექნიკურ ინსტრუმენტებად იყენებენ. მხოლოდ ერთადერთი ინსტანცია – პრეზიდენტი არის სინამდვილეშიც კორპორაციული აბსოლუტური ძალაუფლების გამომხატველი, რადგან სააკაშვილი ამ კორპორაციის საკონტროლო აქციათა პაკეტის მფლობელიცაა და ფარატინა კონსტიტუციითაც სწორედ იგია სახელმწიფოს მეთაურიც.

სააკაშვილის რეალური ძალაუფლება თვითმპყრობელურია. სააკაშვილი მხოლოდ სააკაშვილისგანვე თუ იქნება შეზღუდული. არც ერთ სხვა ფსევდო–ინსტიტუციასა და ვერც კორპორაციის აქციონერთა არაფორმალურ კრებას მისი შეკავება, მისი აბსოლუტური მანდატის შეზღუდვა არ ხელეწიფება.

ჩვენში პარლამენტის რეალური არსი ის არის, რომ მისი დეპუტატები ხალხის წარგზავნილები კი არ არიან და ხალხის მანდატით საკანონმდებლო ხელისუფლებას კი არ ახორციელებენ, არამედ პირიქით: ისინი სწორედაც კორპორაციის წარგზავნილები არიან ხალხის წინაშე სალაყბოდ და საოინბაზოდ, რათა კორპორაციის მიერ უკვე იმთავითვე დაკანონებულ გადაწყვეტილებებს ფსევდო–საჯაროობა შესძინონ.

პარლამენტარს არა ხალხის, არამედ სინამდვილეში სწორედ კორპორაციის მანდატი უდევს ჯიბეში. იგი არა ხალხის, არამედ მხოლოდ კორპორაციის წინაშეა ანგარიშვალდებული. საკუთარ სტატუსს, კორპორაციის მანდატს პარლამენტარი თვალისჩინივით უფრთხილდება, რადგან ეს მანდატი მისი პირადი პრივილეგიების წყარო და მისი „მაღალი“ სოციალური მდგომარეობის საბუთია. სწორედ ამიტომ არის ნიშანდობლივი ამ პარლამენტის ერთ–ერთი სახის – წიკლაურის ფრაზა „აღზევებული მდაბიოს“ შესახებ, რადგანაც კორპორაციის წინაშე უკლებლივ ყველა დეპუტატი, პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით, სწორედაც კორპორაციისაგან მოღებული წყალობით „აღზევებული მდაბიოა“.

პარლამენტი არამც და არამც არ წარმოადგენს კორპორაციის აქციონერთა კრებას, მეტიც – არც ერთი პარლამენტარი არ ფლობს კორპორაციის აქციათა მნიშვნელოვან წილს და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ვერ ერევა. პარლამენტის ბოსებს (მაგალითად პალიკო კუბლაშვილს) კორპორაციისაგან მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში მინდობილი აქვს ტექნიკური ამოცანების გადაწყვეტაც, რაც ქმნის ილუზიას, რომ იგი კორპორაციის გადაწყვეტილებებშიც ერევა. ცხადია, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება – ნათელია, რომ პალიკო მხოლოდ კორპორაციის გადაწყვეტილებათა ფორმალიზებისა და მათი ერთგვარ სამართლებრივ ლოგიკაში მოქცევის მართალია, ურთულეს, მაგრამ მხოლოდ ტექნიკურ პრობლემას ეჭიდება. ხშირად მისი ტვინისჭყლეტა სრულიად ფუჭი და უაზროა, რადგან კორპორაციის ნების შეუვალობის გამო შედეგად სრულ იურიდიული აბსურდს ვიღებთ და პალიკოს „შრომა“ თითით საჩვენებელი სამართალ–მწვალებლობაა და სხვა არაფერი...

ბუნებრივია, ე.წ. მთავრობასაც სინამდვილეში კორპორაციის მანდატი აქვს და არა ხალხის სახელით პარლამენტისაგან მოპოვებული ნდობა. ფსევდო–პარლამენტი ნებისმიერ მთავრობას, რომელსაც სააკაშვილი წარადგენს, უსიტყვოდ და ბრმად ენდობა, რადგან სხვა გზა უბრალოდ არა აქვს – მისი მანდატიც ხომ კორპორაციული წარმოშობისაა!

ისიც ცხადია, რომ მთავრობა არც აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ახორციელებს, იგი პოლიტიკურ მმართველობით გადაწყვეტილებებს არ იღებს, რადგან ესეც მხოლოდ კორპორაციის ხელშეუხებელი პრეროგატივაა. მთავრობაც მმართველობის მხოლოდ ტექნიკურ ამოცანებს წყვეტს და ამისათვის მას არა საჯარო სამსახური, არამედ ნომენკლატურა სჭირდება. შემთხვევითი არ არის დღევანდელი პრემიერის ფრაზა, რომელიც მას ჯერ კიდევ 2004 წელს, ვარდების რევოლუციის გარიჟრაჟზე წამოსცდა – „მთავარია ეფექტურობა და არა პროფესიონალიზმი“. აქ ეფექტურობაში ბრმა მორჩილებამდე მისული ლოიალურობა, ის უნარი, რომ სწრაფად, უსტყვოდ და ზუსტად, ანუ „ეფექტურად“ შეასრულო მიღებული დავალება, იგულისხმება. ნებისმიერი, მინისტრიდან დაწყებული, რიგითი მოხელის ჩათვლით, მზად უნდა იყოს კორპორაციის მიერ დასახული ყოველი დავალება უსიტყვოდ და თუ საჭიროა, თუნდაც პროფესიული არგუმენტების სრული უგულებელყოფითაც კი, შეასრულოს.

კორპორაციისადმი ძაღლური ერთგულება – სწორედ ეს არის როგორც მთავრობის, ასევე ნომენკლატურის უმთავრესი „საქმიანი“ უნარი, რასაც კორპორაციისათვის ჭეშმარიტი ღირებულება გააჩნია. მაია მიმინოშვილის პროფესიონალიზმს კი ჩალის ფასი აქვს, რადგან ასეთი პროფესიონალისათვის საქმის ერთგულებაა მთავარი და არა ძაღლური კუდის ქიცინი. პროფესიული საჯარო სამსახური, რომელიც საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, საშიშიც კია კორპორაციისათვის, რადგან მისი მმართველობითი გადაწყვეტილებები არა საჯარო ინტერესებს, არამედ კორპორაციის დივიდენდების განუხრელ ზრდას, მისი სარგებლის მაქსიმალიზაციას და გაწეული დანახარჯების სულ უფრო შემცირებას ემსახურება. რა არის კორპორაციის სარგებელი? ცხადია – ძალაუფლება და ფული! ფული და ძალაუფლება, რომელიც მხოლოდ კორპორაციის აქციონერებზე ნაწილდება.

ყველა დანარჩენი, მათ შორის დაქირავებული მთავრობაცა და ნომენკლატურაც იმდენადაა საჭირო კორპორაციისათვის, რამდენადაც დივიდენდების გაზრდაში გამოადგება, ხოლო საჯარო ინტერესები ასეთი მთავრობისათვის უბრალოდ არც არსებობს და მსგავსი სისულელე მხოლოდ ხალხის დასაბოლებლად, განსაკუთრებით – წინასაარჩევნო ფიარის საწარმოებლად თუ გაახსენდებათ.

კორპორაციის ბატონობის უზრუნველყოფა და შესაბამისად მისი მმართველობითი გადაწყვეტილებების სტრატეგია, მთელი მისი ე.წ. პოლიტიკა, ერი–სახელმწიფოსაგან განსხვავებით, არა ერისა და მოქალაქის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შექმნაში, არა ეფექტიან საჯარო მომსახურეობათა წარმოებაში, არამედ კორპორაციის კლიენტებად გადაქცეული ყოფილი მოქალაქეების, ე.ი. „ზედმეტი ადამიანების“ მორჩილებაში ყოლასა და ამ მიზნით მათ დათრგუნვა–დაბოლებაში მდგომარეობს.

ამგვარ სიტუაციაში, როცა დათრგუნვის პოლიტიკა უალტერნატივოა, მთავრობათა ხშირი ცვლა არა მმართველობითი სისტემის კრიზისის, არამედ კორპორაციული განუკითხაობის მუდმივობის ნიშანია. მთავრობათა ხშირი ცვლით სააკაშვილი პოლიტიკას კი არ ცვლის, არამედ ნიშანს იძლევა, რომ კორპორაციის ბატონობა სრულია, არაფერი შეიცვლება და მის ბატონობას ამჯერადაც არაფერი დაემუქრება. სხვა, ობიექტური წანამძღვრები მთავრობის შესაცვლელად მას უბრალოდ არ სჭირდება და არც აინტერესებს.

კორპორაცია თავისი ნამდვილი სახით არასდროს არ მოქმედებს. იგი დემოკრატიული სახელმწიფოს ნიღაბს ატარებს და შინ და გარეთ ნიშნს იძლევა, რომ მისი ფსევდო–ინსტიტუციები და ფსევდო–კონსტიტუცია ნამდვილია. მისი ჭეშმარიტი ბუნება სრულიად შეუთავსებელია კონსტიტუციურ, ერი–სახელმწიფოსათვის დამახასიათებელ წეს–რიგთან, ამიტომ კორპორაციას მუდმივად აქვს ლეგიტიმურობის პრობლემა. შეიძლება ისიც ითქვას, რომ მისი ყოფნა–არყოფნის საკითხი პრინციპულად იმაზეა დამოკიდებული, მოახერხებს თუ არა იგი საკუთარი თვითმპყრობელური ძალაუფლების საკმარისად შენიღბვას და თავისი განუკითხავი ბატონობის „დემოკრატიულ მანდატად“ გასაღებას? სწორედ ეს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს კორპორაციისათვის არჩევნებს.

ყოველი არჩევნებისას კორპორაციამ როგორც თავის კლიენტებს, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს უნდა უჩვენოს, რომ დემოკრატიულ მანდატს მიიღებს. მას ე.წ. არჩევნებში „გამარჯვების“ დემონსტრირება სჭირდება და არა ხალხის ნდობის, ე.ი. ჭეშმარიტი დემოკრატიული მანდატის მოპოვება.

არჩევნების არსი კორპორაციულ წყობაში იმთავითვე გამრუდებულია, რადგან კორპორაციას სინამდვილეში არც აინტერესებს, ენდობა თუ არა მას ხალხი. მეტიც: იგი საკუთარი თავის გარდა უფლებების მქონე სხვა სუბიექტს არც სცნობს, არც მთლიანად ერისა და არც ამ ერის პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას ძალაუფლების განხორციელებაში არ აღიარებს და ვერც დაუშვებს. კორპორაციას ამ ე.წ. არჩევნებში ხალხის ნდობა კი არა, არამედ ხალხის მორჩილება აქვს კვლავაც მოსაპოვებელი და თანაც, ეს მორჩილება ნდობად გასასაღებელი. ამიტომ, ნებისმიერ ოპოზიციას, ვინც გაბედავს და მას არ ემორჩილება, ვინც არჩევნებში ხმების მოპოვებაში შეეცილება, მით უმეტეს – არჩევნებში გამარჯვებით დაიქადნის, კორპორაცია მეამბოხედ აღიქვამს და მოექცევა მას როგორც დამნაშავეს, როგორც უკანასკნელ მოღალატეს და არავითარ შემთხვევაში – როგორც პოლიტიკურ პარტნიორს, როგორც თანასწორუფლებიან სუბიექტს.

ბუნებრივია, სწორედ არჩევნების დროს, ამ კრიტიკულ სიტუაციაში კორპორაციისათვის ყველაზე არსებითია დათრგუნვა–დაბოლების სტრატეგიის ეფექტიანი განხორცილება. ამ ამოცანის გადასაწყვეტად არჩევნებში ხდება განსაკუთრებული მობილიზება, რომელშიც ინტენსიურად მონაწილეობს ძაღლურად ერთგული ყველა ფსევდო–ინსტიტუცია: ე.წ. პარლამენტიცა და მთავრობაც, სრულიად ნომენკლატურაც და კორპორაციას მონად უკვე მიყიდული მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილიც.

ამ საარჩევნო მობილიზების კონტექსტში უნდა განვიხილოთ გილაურის მთავრობის შეცვლა „იოანე გაღლეტილის“ მთავრობით და ამასთან, განსაკუთრებით იმასაც უნდა გაუსვათ ხაზი, რომ წინა არჩევნებისაგან განსხვავებით, კორპორაცია უპირობო გამარჯვებას არჩევნებში სულაც აღარ ელოდება. მეტიც: აცნობიერებს, რომ სრული კრახის საფრთხის წინაშე დგას.

****

ვანო მერაბიშვილს ჩოყლაყმა „გაღლეტილი“ მინისტრი უწოდა. ეგებ სწორედ ამ „ტიტულის“ ბოძებით ამზადებდა საპრემიეროდ? ვინ იცის? მოდით, ამ ტიტულს ჩვენც ნუ დავუკარგავთ და როგორც პირველად ლაშა ნაცვლიშვილმა, მისი „სიდიადის“ ხაზგასამელად „ვანოს“ ნაცვლად „იოანედ“ მონათლა, ეგების – ამიერიდან ჩვენც „ოანე გაღლეტილად“ მოვიხსენიოთ.

„ხერხემალი“ ვანოს „იოანე გაღლეტილად“ აღზევება ჩოყლაყის მთავრობის მორიგი, ჩვეული ცვლა არ არის და რეალურ, მომაკვდინებელ საფრთხეზე კორპორაციის წინასაარჩევნო რეაქციაა.

ჩოყლაყის რიგითი მთავრობისაგან იოანე გაღლეტილის ახალი მთავრობა არსებითად მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ მას კორპორაციის ერთ–ერთი აქციონერთაგანი და არა მაგ. ვინმე გილაური ნომინალურად, მხოლოდ ფორმალურად ხელმძღვანელობს. ეს უწინრესად კორპორაციის განსაკუთრებულ მობილიზებას მოასწავებს. საგანგებო მობილიზება კორპორაციას თავის გადასარჩენად სჭირდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამისათვის იგი დათრგუნვა–დაბოლების ასევე განსაკუთრებულ „სტრატეგიას“ გამოიყენებს. ამ წინასაარჩევნო „სტრატეგიის“ განსახორციელებლად ჩოყლაყისაგან საგანგებო მანდატი „იოანე გაღლეტილმა“ უკვე მიიღო.

ამ საგანგებო მანდატით აღჭურვილი ენაბლუ ვანო მჭერმეტყველ იონედ წამში გარდაიქმნა და ლამის ქადაგად დაეცა. სინამდვილეში იგი ცოტა უჩვეულო, მაგრამ არსებითად კვლავაც პოლიციურ ოპერაციას ახორციელებს, ამჟამად კიდევ უფრო ცინიკური კოდური სახელწოდებით, ვიდრე მაგ. „ოპერაცია ენვერი“ იყო: ამჯერად ახალ პოლიციური ოპერაციას „მეტი სარგებელი ხალხს“ ეწოდება.

უსინდისო დემაგოგია და პირწავარდნილი პოპულიზმი კორპორაციისათვის ახალი არ არის, მაგრამ მისი მასშტაბი და დაბოლებაში „იოანე გაღლეტილის“ წამყვანი როლი მართლაც უჩვეულო ნოვაციაა.

პირველი პოლიციელის პრემიეირს ამპლუაში მოვლინება და „ხალხის მეტი სარგებელის“ დაჩემება სხვა არაფერია, თუ არა უკვე გაფუჭებული, აქოთებული პროდუქტის გასაყიდად უფრო ბრჭყვიალა შეფუთვის გამოყენების მორიგი მცდელობა. მეტი არც არაფერი. მაგრამ ნოვაციებიც თვალშისაცემია, მაგალითად:

1) პოპულისტურ წინასაარჩევნო ლოზუნგებს ამჯერად უკვე არა მთლიანად გაკოტრებული ჩოყლაყი, არამედ ახლა უკვე „გაღლეტილი იოანე“, რომელმაც პოლიციელის ფარაჯა გაიხადა და ხალხზე დამაშვრალის ნიღაბი მოირგო, აფიარებს; თუმცა, ამ სულით პოლიციელისა და პროფესიით „ძაღლის“ (გინდათ – პირიქით) ახალ „საქმიან იმიჯს“ მხოლოდ ბრიყვთათვის თუ ექნება მიმზიდველი და მომხიბლავი ელფერი ;

2) მართლაც წრეგადასული თავხედობაა, რომ სოციალური სამართლიანობის ლოზუნგები პირდაპირ კონკურენტის პროგრამიდან გადმოიღეს. აშკარაა, ივანიშვილის წინასაარჩევნო სოციალურ პროგრამას ნაცხროვამ ყოველგვარი რაციონალური დასაბუთება და გათვლა ჩამოაშორა, არნახულად გაბუქა, ჰაერიდან მოტანილი მილიარდებით სასაცილო ჟონგლიორობად, ორშაურიან პოპულისტურ რეკლამად და მოსახლეობის „ოპტომ“ მოსყიდვის ღია განცხადებებად აქცია; ამით სურთ ივანიშვილის პროგრამის გაუფასურებაცა და არჩევნების ხმების ყიდვის აუქციონად გადაქცევაც. თუმცა აქაც მხოლოდ ბრიყვნი თუ ცდუნდებიან, რადგან კარგად ვიცით, რომ ეგენი გახვრეტილ გროშსაც არ გაიმეტებენ აუქციონში შეპირებული ფასის გადასახდელად;

3) „იოანე გაღლეტილის“ მიერ მორგებული „ხალხის მეგობარის“ უჩვეულოდ ყალბი ნიღაბი, მისი ახლად შეკერილი „როჟა“, აშკარა დისონანსშია ლიბერასტი კორპორაციონერების ჩვეულ სახეებთან და ასევე მხოლოდ ბრიყვებს თუ მოატყუებენ, რომ ფულისა თუ ნეხვის ტომარა ბენდუქიძე, ინტრიგან–ტერორისტი და მთავარი შეთქმული ბოკერია, ტვინმოღრეცილი ბნელო რამიშვილი ანდა ჩრდილში მოყუჩებული ობობა ადეიშვილი სცენიდან წავიდნენ, მით უმეტეს – „იოანე გაღლეტილივით“ ხალხის მეგობრებად გარდაიქმნენ;

მოკლედ, „იოანე გაღლეტილის“ მიერ შემოგდებული „მეტი სარგებელი ხალხს“ მორიგი იაფფასიანი სანახაობაა, ნაცხროვის მორიგი ფარსია, მაგრამ წინასაარჩევნო მობილიზებას მეორე, უფრო „საქმიანი“ და საშიში მხარეც აქვს, რაც „ხალხის სარგებელზე“ გაცილებით უფრო მეტად ყურადსაღებია: პოლიციური რეჟიმის გამყარება მთავრობაში და ახალი პოლიციის მინისტრი, რომელსაც შესაძლოა კორპორაციის აქციონერობის პატივიც კი ერგო.

****

რახან პრემიერ–მინისტრი „იოანე გაღლეტილად“ მოვიხსენიეთ, ბარემ პოლიციის მინისტრიც მოვნათლოთ და იმავე სტილში მას „ბაჩანა მოწყალე“ ვუწოდოთ.

მისი სათნოობა და გულჩვილი ხასიათი ხომ საყოველთაოდ ცნობილია!

„ბაჩანა მოწყალეს“ გაპირვეპოლიციელება უდაოდ ავისმომასწავებელია. ეს ნიშნავს, რომ კორპორაცია ყველა რესურსის მობილიზებას მოახდენს, რათა ამჯერად არჩევნებად წოდებულ სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაში არა მორიგი, არამედ უკვე საბოლოო გამარჯვება მოიპოვოს მეოცნებე ქართველ ხალხზე. ყველანი შეტევაზე და არც ერთი ნაბიჯი უკან! ასეთი იქნება „ბაჩანა მოწყალეს“ სავარაუდო პოლიციური სტრატეგია.

და ბოლოს პასუხგაუცემელი შეკითხვა: მოასწავებს თუ არა ახალი მთავრობა კორპორაციის აქციების გადანაწილებას? დაბეჯითებით შეიძლება მტკიცება, რომ ეს პროცესი დაიწყო. რეალურად რა გავლენა ექნება „იოანე გაღლეტილსა“ თუ ახალ აქციონერს –„ბაჩანა მოწყალეს“ მომავალი გვიჩვენებს. ცხადია, რომ მათი აქციები ერთი–ორად გაიზრდება, თუ დასახული ამოცანის შესრულება შესძლეს და ქართველ ხალხს არჩევნებამდე, არჩევნებში და არჩევნების შემდგომ კუდით ქვა გვასროლინეს... აი მაშინ, „იოანე გაღლეტილისა“ თუ „ბაჩანა მოწყალის“ სახით მართლაც ისეთი მონსტრები შეიძლება შეგვრჩეს ხელთ, რომ ავი ჩოყლაყიც კი სანატრელი გაგვიხდეს!

ეს რომ არ მოხდეს, ჩვენს, მეოცნებე ქართველთა ბანაკშიც, მობილიზაციაა საჭირო. ჩოყლაყმა მოახერხა და ბოლო კვირაში მთავარი ნიუსმეიკერი გახდა. თუმცა დაწინაურებულ ივანიშვილთან ანგარიშის გათანაბრებაზე საუბარი ნაადრევია, აუცილებელია, რომ ეს მოჩვენებითი ინიციატივაც წავართვათ და კარგად გავაგებინოთ, რომ მათი პარპაშის დრო დასასრულს უახლოვდება. „მეტი სარგებელი“ კორპორაციისაგან თუ კორპორაციისათვის აღარასრდოს იქნება!