ხელისუფლებას ვაფრთხილდებდით, რომ იუსტიციის საბჭოს ამ შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება არ შეიძლებოდა, მათთვის სიურპრიზია, რომ ეს შემადგენლობა ისეთ მოსამართლეებს გამოუცხადებს ნდობას და დანიშნავს უვადოდ, რომლის მიმართაც უამრავი კითხვა არსებობს? – ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 44 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა რეპუტაციაშელახული პირები უვადოდ არ დაენიშნა მოსამართლეებად.
„ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლებამ ის ვერ მოახერხა, რომ რეპუტაციაშელახული პირები უვადოდ არ განემწესებინა მოსამართლედ. ეს პროცესი მანამდე გაგრძელდება, სანამ რეალური რეფორმა არ განხორციელდება, რაც ხელისუფლებას არ უნდა, რადგან სასამართლო მისი მორჩილი და შემკვეთის შემსრულებელი უნდა იყოს. ხელისუფლებას მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ბუმერანგივით უბრუნდება. ყველაზე ცუდი ის კი არ არის, რომ დანიშვნა პრემიერ-მინისტრს არ მოსწონს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ სასამართლის მიმართ ნდობა დაბალია და საზოგადოებას სასამართლოს მიმართ რწმენა არ აქვს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა. აღნიშნულ საკითხზე გუშინ პრემიერმა კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა.
„რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც. მათ შორის, მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.