საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პრემიერის მიერ მოსამართლეების დანიშვნასთნ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ არა მხოლოდ პრემიერში, არამედ, საზოგადოების უდიდეს ნაწილში გააჩინა კითხვები.
“მართლია, სასამართლო დამოუკიდებელი ინსტიტუტია და მის საქმიანობაში ვერ ჩავერევით, მაგრამ, რადგან საზოგადოება საბოლოო პასუხისმგებლობას მაინც მმართველ გუნდს აკისრებს, მათთან ერთად კითხვების დასმის უფლება გვაქვს და ამ კითხვებზე პასუხს ჩვენც ველით. ეს ის ხალხია, რომელმაც 2012 წლის გამარჯვება საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოიტანა და რომელთათვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სულხან მოლაშვილის მიმართ გამოტანილი უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილება იყო. დემოკრატია ის მონაპოვარია, რომელიც ხელისუფლებას მთელ რიგ საკითხებში ჩარევისაგან ზღუდავს, მაგრამ ასეთი საკითხები საზოგადოებისთვის უპასუხოდ არ უნდა რჩებოდეს. გუშინ, საქართველოს პრემიერმა ალბათ ბევრი ჩვენი თანამებრძოლის გულში დაგროვილი სიტყვები ამოთქვა. ეს ეხებოდა იმ ღირებულებებს, რომლითაც ეს გამარჯვება მოვიპოვეთ და რის შესახებაც კითხვები უკვე თავად ამ ხალხში ჩნდება. ისტორიას აქვს ერთი პრინციპი - ყველა ბრძოლა გამარჯვებით ან დამარცხებით სრულდება, მაგრამ ბოლომდე მიდის. ჩვენს მიერ დიდი გამარჯვებით დაწყებული ბრძოლა სამართლიანობის აღსადგენად, როგორც ჩანს, ჯერ არ დასრულებულა. 2012 წელს ხალხში დაბადებული ემოცია განელდება მხოლოდ მაშინ, როცა იმ დროის მთავარ დანაპირებს იგრძნობს საზოგადოება. წინააღმდეგ შემთხვევაში ემოცია უფრო ბობოქარი გახდება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ განმწესების საკითხთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა.
”რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადობაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც. მათ შორის, მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით, - ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში.