უმრავლესობას უკან გააქვს სასამართლო სისტემის ფარგლებში ე.წ. მაგისტრ მოხელეებთან დაკავშირებული ინიციატივა, რომლის მიხედვით, მათ სასესხო ხელშეკრულებებსა და სხვა მსგავს საქმეებზე დავების განხილვის უფლებამოსილება ენიჭებათ.
“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტიდან და მისგან გამომდინარე სხვა პროექტებიდან შესაბამისი ნორმების ამოღების თაობაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
“ჩვენ პოზიციას ვცვლით და გვსურს პროექტის ეს ნაწილი უკან გავიწვიოთ, ანუ დარჩეს ის, როგორც დღეს არის და მოხელის უფლებამოსილების მანდატი აღარ გაიზარდოს. ჩვენ ამ ცვლილების შემოღება იმიტომ გვინდოდა, რომ განუხილველი საქმეების 80% სწორედ ასეთი კატეგორიის საქმეებზე მოდის. იყო შემოთავაზება, რომ რამდენიმე მოხელის დამატებით სასამართლოს განტვირთვა მომხდარიყო, მაგრამ დარჩა კითხვები საკითხის კონსტიტუციურობასთან მიმართებით - არის თუ არა მოხელე იმ რანგის, რომ გადაწყვეტილებების გამოტანის უფლებამოსილება ჰქონდეს. კითხები რომ გავაჩინოთ და ამით პროექტს ჩრდილი არ მიადგეს, ამიტომ ამ ცვლილებას უკან გავიწვევთ. ცვლილება ამ ნაწილში არ განხორციელდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებებით, სასამართლო სისტემაში ე.წ. მაგისტრი მოხელის ინსტიტუტის შემოღება იყო დაგეგმილი, რომლის უფლებამოსილებაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმეების განიხილვაა.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, სასამართლოს შესაბამისი მოხელე (მაგისტრი) უფლებამოსილია, განიხილოს შემდეგი საქმეები: საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის (კრედიტის) ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარჩელები, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს, გარდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების (გირავნობა, იპოთეკა) გამოყენებასთან დაკავშირებული დავებისა; იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეები და მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ საქმეები.
პროექტის მიხედვით, მაგისტრი მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს.