ოქროს მთებს პირდებოდით საქართველოს, მაგრამ ოქროს მთა მოგლიჯეთ და ამის მაგივრად დარჩა დაბინძურებული გარემო

ოქროს მთებს პირდებოდით საქართველოს, მაგრამ ოქროს მთა მოგლიჯეთ და ამის მაგივრად დარჩა დაბინძურებული გარემო

„ქართული ოცნება“ ოქროს მთებს პირდებოდით საქართველოს, მაგრამ ოქროს მთა მოგლიჯეთ, ამის მაგივრად დარჩა დაბინძურებული გარემო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომპანია „არემჯი გოლდის“ საქმიანობასთან დაკავშირებით განაცხადა.

„თქვენ დღეს ახსენეთ, რომ პრეზიდენტი და ოპოზიცია ერჩის სახელმწიფო ინსტიტუტებს, მაგრამ არავის დაუზიანებია სახელმწიფო ინსტიტუტები ისე, როგორც „ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება „არემჯი გოლდს“, ამ კომპანიამ ისევე, როგორც „ქართულმა ოცნებამ“ ერთად დაანგრია საქართველოში უძველესი, მსოფლიოს უძველესი ძეგლი, მსოფლიოს უძველესი ოქროს მაღარო და ეს გააკეთა ისე, რომ ამაში დაინტერესებული იყო ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი თქვენი ისტორიისა.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ 10 წლის განმავლობაში, სანამ ეს აფეთქება მოხდებოდა, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ინგლისიდან ჩამოდიოდნენ მეცნიერები და აქ მუშაობდნენ. თქვენ ოქროს მთებს პირდებოდით საქართველოს, ოქროს მთა მოგლიჯეთ და ამის მაგივრად დარჩა დაბინძურებული გარემო.

გამოქვეყნდა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის დაფინანსებული კვლევა, სადაც საუბარია, როგორც წყლის დაბინძურებაზე, ასევე ნიადაგის ძალიან სერიოზულ დაბინძურებაზე, რასაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს ადამიანების ძალიან სერიოზული ხიფათი და ჯანმრთელობის გაუარესება. ამ პირობებში, ეს კომპანია ახლა, დღეს და გუშინ ითხოვს ე.წ. გამოსატუტი მოედნების გაფართოებას და ეს არის სითავხედის ზღვარი. როდესაც თქვენივე გარემოს დაცვის სამინისტრომ 5 წლის განმავლობაში დადო არაერთი დასკვნა, რომ არის უმძიმესი, როდესაც საწარმოო პროცესი არანორმალურად ვითარდება, როდესაც არის უმძიმესი დარღვევები, ამ პირობებში გაფართოებაზე საუბარი არის დაცინვა იმ საზოგადოების, იმ მოსახლეობის, რომელიც იქ ცხოვრობს. ყველა დოკუმენტი, რომელიც ჩემს ხელთ არის მე გადავუგზავნე გარემოს დაცვის კომიტეტს და აუცილებელია, რომ გვქონდეს განხილვა. ამ კომპანიას, როგორც ჩანს განუზომელი მადა აქვს, ეს კომპანია არ ჩერდება. უკვე მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი ჩვენს კულტურას და ახლა ზიანი მიადგება ჩვენს ბუნებას“, - განაცხადა რატიანმა.