ორ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 2 000 ჰექტარი სათიბ-საძოვარი მიწა 25-წლიანი იჯარით გადაეცემა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„წინა სხდომაზე ჩვენ რამდენიმე კოოპერატივს უკვე გადავეცით სათიბ-საძოვრები, დღეს კიდევ გამოგვაქვს ეს საკითხი. ჯამში ეს არის განკუთვნილი 134 ადგილობრივ მოსახლეზე, რომელთაც საქონლის რაოდენობა 500 სულზე მეტი ჰყავთ. გადავცემთ 2 000 ჰექტარზე მეტი ფართობის სათიბ-საძოვარს 25 წლიანი იჯარით. ეს არის ორი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. პროგრამა მათ შორის ითვალისწინებს კოოპერატივებისთვის ტრაქტორების გადაცემას თანადაფინანსებით. ეს ტრაქტორები აღჭურვილია თიბვისა და მოთიბული მასალის ტრანსპორტირების საშუალებებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.