"ქართული ოცნება" აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისების გაფართოებაზე მუშაობას იწყებს

"ქართული ოცნება" აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის საჭირო სერვისების გაფართოებაზე მუშაობას იწყებს. 

როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, ძირითადად საუბარია დედაქალაქში არსებული სერვისების რეგიონებშიც მიწოდებაზე. 

სპეციალისტების ხელმისაწვდომობა რეგიონებში, ტრანსპორტირების საკითხები, სერვისების დივერსიფიკაცია - ეს არის ის პრობლემები, რაც თალაკვაძის თქმით, ერთი შეხედვით ჩანს, თუმცა, მნიშვნელოვანია დამატებითი ინფორმაციის მიღება თვითონ თემის წარმომადგენლებისგან.

"ჩვენ ვიწყებთ მუშაობას აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების და მოზარდების საჭიროებებზე. კერძოდ, რეგიონებში შევხვდით არაერთ ადამიანს, რომელთა ოჯახის წევრებსაც აქვს ეს პრობლემა და სამწუხაროდ, დავინახეთ, რომ ის სერვისები, რაც თბილისში და რამდენიმე დიდ ქალაქში არის ხელმისაწვდომი, არ არის ხელმისაწვდომი რეგიონებში. სწორედ ამის გამო ძალიან ბევრი ბავშვი და მათი ოჯახის წევრები ყოველდღიურ დამატებით პრობლემებს აწყდებიან. ჩვენი მიზანია, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მერიასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად დავამუშავოთ ის წარმატებული გამოცდილება, რაც არსებობს, მაგრამ რაც მთავარია, გავერკვეთ პრობლემებში, გამოწვევებში და ამ მიმართულებით უკვე პარლამენტიდან გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მთავრობამ გამოყოს დამატებითი რესურსი და შექმნას დამატებითი სერვისები რეგიონებში",- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ამ სერვისების გაფართოებას მივაღწიოს რაც შეიძლება მოკლე დროში.

"ვეცდებით, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში კონკრეტული ტექნიკური დავალება ჩამოვაყალიბოთ, რის გარშემოც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით მსჯელობა და მთავრობასთან კომუნიკაცია, რათა დამატებითი სერვისების დაფინანსება განხორციელდეს",- დასძინა თალაკვაძემ.