დამიჯერეთ, იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი განიხილება, ვიწროპარტიული ინტერესები ამოძრავებთ

დამიჯერეთ, იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი განიხილება, ვიწროპარტიული ინტერესები ამოძრავებთ

ამ საკითხზე ჩვენი ოპონენტების მხრიდან არის დაწყებული სუფთა პოლიტიკური სპეკულაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ვიზალიბერალიზაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რომელიც ევროპაში მიგრაციის თვალსაზრისით არსებობს, საქართველოს აქვს ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატები ევროპელ კოლეგებთან. 

"შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ თითქოს განიხილება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება სადმე, რაიმე ფორმატში, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია. დამიჯერეთ, იმ ადამიანებს, ვინც ამას ამბობს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში, ან ამოძრავებთ ვიწროპარტიული ინტერესები, ან ისინი უბრალოდ საერთაშორისო და საგარეო პოლიტიკაში ვერ ერკვევიან", - განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთა საკითხი, ასევე მიგრანტთა მიერ ჩადენილი დანაშაული ეს არ არის ახალი საკითხი ევროპისთვის და ამ საკითხთან დაკავშირებით დასავლეთ ევროპის ქვეყნები მუშაობენ პარტიორ ქვეყნებთან და მათ შორის საქართველოსთან.

"ეს არ არის საკითხი, რომელიც დღეს და გუშინ გახდა აქტუალური. როდესაც შსს-ში ვმუშაობდი, მაშინაც გერმანელ კოლეგებთან გვქონდა ნაყოფიერი საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები წარმატებით განაგრძობენ თანამშრომლობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან იმისთვის, რომ ეს საკითხები იყოს ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატში გადაწყვეტილი", - განაცხადა თალაკვაძემ.