პროკურორ დავით ნეფარიძის განცხადებით, შემდეგ პროცესზე ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდება თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის ზაზა (ზურაბ) ბაქრაძის განცხადების მტკიცებულებად დართვას მოითხოვს.
როგორც პროკურორმა დავით ნეფარიძემ პროცესზე განაცხადა, 16 თებერვალს ძებნილმა, ბრალდებულმა ზურაბ ბაქრაძემ საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომელიც ამირან რობაქიძის საქმეს შეეხება. იქიდან გამომდინარე, რომ არასამუშაო დღეები იყო, შაბათ-კვირა ვერ მოხდა აღნიშნული მასალის გამოთხოვა და მტკიცებულებად დართვა. შესაბამისად, დავით ნეფარიძის თქმით, ზურაბ ბაქრაძეს შესაძლებლობა ექნება, სურვილის შემთხვევაში, ასევე დაიკითხოს სკაიპის საშუალებით.
პროკურორმა დღეს უარყო ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს ძებნილ ზურაბ ბაქარაძესთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია და საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში მის მიმართ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.
ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს იარაღი არ ჰქონიათ.
16 თებარვალს ზურაბ ბაქრაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან მიიტანეს.