ღმერთმა დამიფაროს ისეთ გუნდში ყოფნისგან, სადაც ყველა ერთ ხმაზე მღერის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა, სადაც ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობა იკრიბება.
რომან კაკულია აცხადებს, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე მისი პოზიცია არ შეიცვლება.
“პირველ რიგში რაც არ მომწონს არის ის, რომ ყველა საუბრობს დაპირისპირებაზე გუნდში. ეს არ არის დაპირისპირება, ეს არის განსხვავებული პოზიციები გუნდში. ღმერთმა დამიფაროს ისეთ გუნდში ყოფნისგან, სადაც ყველა ერთ ხმაზე მღერის, ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს არის განსხვავებული პოზიციები ერთი კონკრეტული საკითხის მიმართ. ჩემი პოზიცია უცვლელია. პრეზიდენტის ვეტოში რომ ყოფილიყო ის შენიშვნები ასახული, რაც მე მქონდა, ჩემთვის არავითარი პრობლემა არ იყო მისი მხარდაჭერა, მაგრამ მისი შენიშვნები არ იყო თანხვედრაში ჩემს პოზიციებთან, ამიტომ მე მას არ ვიზიარებ. ჩემი ხედვის ამოსავალი წერტილი არის რეკლამასთან დაკავშირებული. მე მესმის საზოგადოებრივი მაუწყებლის არგუმენტები, მაგრამ ჩავთვალე, რომ მისი ავტორიტეტისთვის ყველას მინუს ერთი ფორმულა წამგებიანია. კენჭისყრაზე მე ამ კანონპროექტს ხმას არ მივცემ. მე მისი მხარდამჭერი არ ვარ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს უყრის კენჭს. უმრავლესობა დღეს ვეტოსთან დაკავშირებულ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს.