დაღესტანში, ქალაქ ყიზლარში მართლმადიდებლურ ტაძართან სროლაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ SITE Intelligence Group იუწყება.
ყიზლარში, მართლმადიდებლურ ტაძართან სანადირო თოფიდან ცეცხლი 22 წლის ჰალილ ჰალილოვმა გახსნა. დაიღუპა 5 ქალი, ჰოსპიტალიზებულია 4 ადამიანი, მათ შორის ორი სამართალდამცველია.
თავდამსხმელი ადგილზე რუსეთის ეროვნული გვარდიის თანამშრომლებმა მოკლეს.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ჰალილოვს ცეცხლის გახსნა ტაძრის შიგნით სურდა.
„როდესაც სანადირო თოფით შეიარაღებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა ტაძარში შესვლა სცადა, მრევლი მიხვდა, რომ ის სროლას აპირებდა და კარი ჩაკეტა. მან სროლა დაიწყო ქალების მიმართულებით, რომლებიც ტაძრის გარეთ იყვნენ“, - განაცხადა თვითმხილველმა.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე „ორი და მეტი ადამიანის მკვლელობისა“ და „სამართალდამცველის სიცოცხლის ხელყოფის“ მუხლებით არის აღძრული.