საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თურქეთში 2018 წლის პირველ ნახევარში გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ძალიან კარგი დინამიკა, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მომავალი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას.
„ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებში თანამშრომლობაზე. ამ კონტექსტში აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. თურქულმა მხარემ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.