ვაფასებთ იმ ერთგულებას, რომელსაც ლიტვა წლების განმავლობაში იჩენს საქართველოს მიმართ

ვაფასებთ იმ ერთგულებას, რომელსაც ლიტვა წლების განმავლობაში იჩენს საქართველოს მიმართ

ვაფასებთ იმ ერთგულებას, რომელსაც ლიტვა წლების განმავლობაში იჩენს საქართველოს მიმართ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პერმიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლიტვის პრემიერ-მინისტრს საულიუს სკვერნელისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და ლიტვას შორის თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი ყოველწლიურად უფრო და უფრო ღრმავდება.

„მოხარული ვარ, ვუმასპინძლო ჩემს ლიტველ კოლეგას, პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისს საქართველოში. ეს გახლავთ პრემიერ სკვერნელისის პირველი ვიზიტი საქართველოში და მოხარული ვარ, რომ სწორედ ლიტვის პრემიერ-მინისტრი გახლავთ მთავრობის პირველი მეთაური, რომელიც 2018 წელს საქართველოს ეწვია. როგორც მოგეხსენებათ, წელს საქართველო, ისევე, როგორც ლიტვა, უმნიშვნელოვანეს თარიღს აღნიშნავს - სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავი აღინიშნება ლიტვაში და პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი აღინიშნება საქართველოში, რაც დღევანდელ ვიზიტს განსაკუთრებულ სიმბოლიზმს სძენს.

ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობა მრავალ წელს ითვლის. ლიტვა წარმოადგენს საქართველოს უახლოეს მოკავშირესა და მეგობარს. არაერთხელ აღგვინიშნავს, თუ როგორ ვაფასებთ იმ ერთგულებას, რომელსაც ლიტვა წლების განმავლობაში იჩენს საქართველოს მიმართ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ჩვენი თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი ყოველწლიურად უფრო და უფრო ღრმავდება. დღის წესრიგი დატვირთულია ვიზიტებით, მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა უწყებათაშორისი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, კულტურისა და განათლების და სხვა მიმართულებებით. ნაყოფიერია ურთიერთობა საკანონმდებლო ორგანოებს შორისაც და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ დამეგობრებას და თანამშრომლობას განაგრძობენ ჩვენი ქვეყნების რეგიონები და ქალაქები.

ლიტვა უკვე მრავალი წელია აქტიურად აგრძელებს განვითარების სფეროში თანამშრომლობას, „თვინინგის“ პროგრამების განხორციელებას და თავისი გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს გვიწყობს რეფორმების განხორციელებაში”, -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.