ჩვენი მეგობარი ნოდარი

ჩვენი მეგობარი ნოდარი

 

არანაირი ცუდი განწყობა და მძიმე წინათგრძნობა არ მქონია, როდესაც ორშაბათს, დილით ქუთაისიდან ახლობელმა დამირეკა:

- ზურა, ვიცი ძალიან გეწყინება. მოემზადე, ძალიან ცუდი რამე მოხდა, ნოდარი აღარ არის!

არის ხოლმე მომენტები, როდესაც ყველაზე დაუჯერებელსაც კი გაოცების გარეშე შეხვდები, მაგრამ სრულიად რეალურს, შესაძლებელსა და მოსალოდნელს ვერ აცნობიერებ.

მეც ასე დამემართა- გავიგე, მაგრამ ვერ მივიღე, დავიჯერე, მაგრამ ვერ აღვიქვი.

სათქმელად იოლია - ნოდარი აღარ არის!

წარმოსადგენად კი საშინელი, როდესაც გებულობ, რომ კიდევ ერთი უახლოესი ადამიანი გამოგეცალა ხელიდან, ადამიანი, რომელიც ძმაში არ გერჩეოდა და ვის სიკვდილსაც ისევე ვერ დაიჯერებ, როგორც სამყაროს აღსასრულს.

 + + +

დღეს, როდესაც კაცის სიცოცხლე გაგროშკაპიკდა, როდესაც ყოველდღიურად უამრავ ნეგატიურ ინფორმაციას ვისმენთ, როცა სხვათა მწუხარების გაზიარებისა და თანაგრძნობის უნარი უკიდურესად დაბლაგვებულია, ვეჭვობ, იგრძნოთ ის სევდა, რაც ამ სიტყვებს თან ახლავს.

ნოდარ მუშკუდიანზე ვწერ.

მეხსიერებას ტყუილად ნუ დაძაბავთ. სულერთია, ვერ გაიხსენებთ. ის არ ეკუთვნოდა და არც ეტმასნებოდა ე.წ. ცნობადთა კატეგორიას. ჰქონდა ჩამოყალიბებული პოლიტიკური ხედვა, მაგრამ თავი შორს ეჭირა პოლიტიკოსებისგან. იყო ჩაძიებული, ალღიანი და ერუდირებული მკვლევარი, მაგრამ არ იზიდავდა სამეცნიერო ბომონდი. იცოდა საკუთარი შესაძლებლობანი, მაგრამ არ აწუხებდა კარიერისტული ზრახვები. იყო დინჯი, აუღელვებელი და მძიმედმეტყველი. აუმღვრევლად აკვირდებოდა, როგორ ფუთფუთებდნენ და ერთმანეთზე გადადიოდნენ მის ირგვლივ ადამიანის ფორმის არსებანი, ლოკავდნენ გადაფურთხებულს, ხლართავდნენ ინტრიგებს, კადრულობდნენ საკადრებელ-უკადრებელს, ოღონდ კი ვინმესთვის გადაესწროთ და უბადრუკი ამბიციები დაეკმაყოფილებინათ.

ნოდარისთვის უცხო იყო მიწიერი ვნებები.

ის სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა და სხვა სტანდარტებს ეზომებოდა.

+ + +

ვიცი, ტრივიალურად ჟღერს, მაგრამ მართლა ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ნოდარ მუშკუდიანზე წარსულ დროში მომიწევდა საუბარი. ალბათ, იმიტომ, რომ ადამიანები, როგორც წესი, უახლესი მეგობრების გარდაცვალებაზე არ ფიქრობენ. ეშინიათ და ერიდებიან.

გუშინდელივით მახსოვს, პირველად 1979 წლის გაზაფხულზე ვნახე 22-23 წლის გამხდარი ბიჭი, ქუთაისის პედინსტიტუტის მთავარი კორპუსის პირველ სართულის დერეფანში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანატის წინ მიმავალი. ვიღაცამ თქვა- ეს ნოდარ მუშკუდიანია, ახალი დამთავრებული აქვს და კათედრაზე დატოვეს,მაგარი ტვინით გატენილი ვინმეაო.

მაშინ პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი.

ურთიერთობა მერე და მერე მოვიდა. გავიგეთ, რომ იგი ლეჩხუმელი იყო, ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშიდან, სრულიად უპატრონო (ამ სიტყვის სოციალური გაგებით) ახალგაზრდა, რომელიც სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა და დღე და ღამე წიგნებს დასტრიალებდა. ასე ოთახიდან გაუსვლელად სრულყოფილად აითვისა გერმანული და საყველპურო ინგლისური. სულგანათლებულმა პეტრე ვაჭრიძემ, ისტორიკოსების დეკანმა და ნიჭიერ ახალგაზრდებზე გადაგებულმა კაცმა მალევე შენიშნა მორიდებულ-გამორჩეული ყმაწვილი. შენიშნა და წარმოუდგენელიც შეძლო - ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ლაბორანტად დაატოვებინა კათედრაზე. დღეს ეს ვიღას უკვირს, მაგრამ კომუნისტურ 70-იანებში ასეთი რამეები ლამის ცეკა-სამინისტროების დონეზე წყდებოდა ხოლმე.

ოყურეშიდან კალოშებით ჩამობლაყუნებული (მოგვიანებით, კეთილი ირონიით ასე ხუმრობდნენ ხოლმე მისი კოლეგები) და ქუთაისს არგაცილებული ნოდარი მოსკოვში ჩავიდა და ”ემგეუს” ასპირანტურა დაამთავრა.

საკანდიდატო დისერტაციაც იქვე დაიცვა.

მისი ხასიათის გასახსნელად დისერტაციასთან დაკავშირებულ ერთ ისტორიას გავიხსენებ.

სამეცნიერო ხელმძღვანელმა უჩია, საკვალიფიკაციო თემად გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის რომელიმე მონაკვეთი აერჩია - მოსამზადებლადაც იოლია, სამეცნიერო მივლინებაც გარანტირებული გაქვს და დაცვის დროს პრობლემები არ შეგექმნებაო.

სხვა თვალის დაუხამხამებლად დათანხმდებოდა. ნოდარმა იფიქრა, იფიქრა და საკვლევ თემად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ისტორია აირჩია, კერძოდ, მისი ლიდერი და ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე კონრად ადენაუერი.

კონიუნქტურა, სიყალბე და ზედაპირულობა შორს იყო მისგან. მშვენივრად ესმოდა, რომ იდეოლოგიურად სარისკო და არაპოპულარული ნაშრომი ოპონენტებსა სა სამეცნიერო საბჭოს წევრებს შეიძლება ჩაეგდოთ, მაგრამ მაინც გაუკვალავი გზით სიარული არჩია. ერთგვარად გაუმართლა კიდეც, იმ გაგებით, რომ ”პერესტროიკის” წლები იდგა და იდეოლოგიური ხუნდები მეცნიერებაშიც ისევე იყო მოშვებული, როგორც პოლიტიკაში.

მოგვიანებით, მეგობრების დახმარებით ეს ნაშრომი წიგნად გამოსცა.

კიდევ უფრო მოგვიანებით ქართულად თარგმნა და გამოაქვეყნა 1918 წელს საქართველოში არსებული გერმანული სამხედრო მისიის ხელმძღვანელის, ფონ კრესის (კრესენშტაინი) მოგონებები საქართველოს შესახებ. რამდენიმე წლის შემდეგ ეს მემუარი კიდევ ორჯერ დაიბეჭდა და ორივე გამომცემელმა სამეცნიერო საზოგადოებისთვის მისი გაცნობის პრიორიტეტი საკუთრად დაიჩემა. რაღაც საქმეზე ქუთაისში ჩასული მსოფლიო ისტორიის დეპარტამენტის წინ, ფანჯარასთან ვიდექით, როცა ამის შესახებ ვუთხარი. ჩვეული მანერით, დინჯად შემოხედა, მერე სიგარეტი გააბოლა და შორს ღრუბლებს გააყოლა მზერა.

- ჰო, ალბათ არ იცნობდნენ ჩემს გამოცემასო - ეს თქვა მხოლოდ.

სხვა მის ადგილზე ქვეყანას შეარყევდა, ოპონენტებს პლაგიატში ამხელდა და სამეცნიერო წრეებში თავს მოჭრიდა. ამან- ალბათ არ იცნობდნენო, თქვა და დაამთავრა.

ასეთი რამეები ნაკლებად აღელვებდა.

სხვანაირი კაცი იყო ნოდარ მუშკუდიანი, ძალიან სხვანაირი.

 + + +

ნოდარ მუშკუდიანი პირად ცხოვრებაში სარკესავით აირეკლა მთელი თაობის საუკეთესო ნაწილის ისტორია, გნებავთ- ტრაგედია.

სხვაზე წესიერიც იყო, განათლებულიც, შინაგანი კულტურის მქონეც და საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნიც.

პრობლემის მეტი რა ჰქონდა ცხოვრებაში, მაგრამ არასდროს დაუწუწუნია, თავისი გასაჭირი სხვისთვის თავზე არ მოუხვევია. არა თუ ზედმეტი, რაც კანონიერად ეკუთვნოდა, ისიც არ მოუთხოვია.

თითქმის მთელი ცხოვრება მოცუცქნულ ერთოთახიან ბინაში გაატარა. იქ გამოზარდა ორი შვილი და იქვე უკირკიტებდა მსოფლიო ისტორიის ანალებს.

მისი სამეცნიერო პოტენციალის სრულად გამოვლენისა და პირობების შექმნისთვის თავი არავის გაუცხელებია. ისევ უცხოელებმა, გერმანელებმა შენიშნეს და დააფასეს. კონრად ადენაუერის საზოგადოების დაფინანსებით რამდენჯერმე იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და ფასეული მასალებიც მოიძია იქაურ არქივებში.

ვამაყობ, რომ ვმეგობრობდით.

ჩემმა ოჯახმა იცოდა, როცა ავიწყვეტდი და გადავიკარგებოდი, ნოდართან ან მის სიახლოვეს უნდა მოვეძებნე სირჩა არაყზე ჩამომხობილი. იგივე იცოდა მისმა ცოლშვილმაც. ჩვენს მეუღლეებს ხშირად გაუცვლიათ შუაღამეობით საპასუხო ვიზიტები ”სტეკლოტარადან” მემორიალის უბნამდე და ერთმანეთისთვის კარზე დაუკაკუნებიათ სტანდარტული შეკითხვებით- ნატო/მანანა, ზურა/ნოდარი თქვენთან ხომ არაა?

აბა, სად ჯანდაბაში ვიქნებოდით?!

ერთად გავატარეთ 90-იანების მძიმე, უშუქო და გაყინულ წლები. პირადი თუ საქვეყნო ვარამით გულგასიებულები სასმელსა და სიგარეტში ვახრჩობდით ბოღმას. წეწესთან და ზალიკოსთან ერთად ჩავჯდებოდით სადმე ”ზაბეგალოვკის” კუთხეში, ვხეთქავდით ყველანაირი ჯურის ბარმატუხას ”სტალინით” დაწყებული ჩამოსასხმელი ”ლაზით” დამთავრებული და თავს ვიწამლავდით. ისინი გადარჩნენ, მე კინაღამ საგზური გამომიწერეს საიქიოში, მაგრამ ბოლოს მაინც მოვბრუნდი. ვაგზალზე რომ მივედი, მატარებელი გასული დამხვდა ბაქნიდან...

ხელფასი და ჰონორარი იყო ის თვალსაწიერი, რაც მის წარმოდგენას მიჯნავდა გარეთ არსებული ფინანსური სამყაროდან. ამ ქედის იქით არასოდეს გადაუხედავს. არც არასდროს მოფიქრებია ამის გაკეთება. მიუხედავად ამისა, სულმდაბალმა კაცმაცუნებმა მასაც შეასხეს ლაფი და გაუვრცელეს ინსინუაციები. ეს დარტყმაც მშვიდად გადაიტანა, რადგან იცოდა, რომ მარმალილოს ბინძური შხეფები დიდხანს არ შერჩებოდა.

ასეც მოხდა. აღარ არის ნოდარ მუშკუდიანი, მაგრამ არის ლეგენდა ნოდარ მუშკუდიანზე, მისი შეუბღალავი სახელი და დაულაქავებელი მუნდირი. დარჩა თქმულება მისიარულე სიკეთესა და სათნოებაზე, კაცზე, რომლის არსება თავიდან ბოლომდე სავსე იყო ორი უმთავრესი სუბსტანციით - ღირსება და სინდისი.

წავიდა და წაჰყვა უსაშველო მონატრება. ქვეყნის უკეთეს მომავალზე ფიქრში გაქრა და გაილია მისი ცხოვრება. ამას დაემატა არაჩვეულებრივად სათნო მეუღლის მონატრება, რომელიც სხვა ქართველ დიასახლისების მსგავსად საბერძნეთში გადაიხვეწა, რათა ოჯახის რჩენაში შეშველებოდა პრობლემებშემოჯარულ ქმარს...

გულიანი კაცი იყო ნოდარ მუშკუდიანი. სძულდა უგულობა, ყველაფერი გულთან მიჰქონდა, ჯავრსა და ნაღველსაც გულში იხვევდა და რა გასაკვირია, რომ სწორედ გულმა უღალატა. არადა, ჯერ მხოლოდ 56 წლის წლის იყო და ისე წავდა, ხეირიანად პატარა შვილიშვილის მოფერებაც ვერ მოასწრო.

გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწიაო, ნათქვამია. ნოდარსაც ასე დაემართა. ერთი თვეც არაა გასული, რაც მატერიალური პრობლემებით უსაშველოდ დამძიმებულმა მისმა უმცროსმა ძმამ ცხოვრებასთან ჭიდილს ვეღარ გაუძლო და ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. ეს იყო ბოლო და ყველაზე ძლიერი დარტყმა, რასაც ნოდარის გულმა ვეღარ გაუძლო. სამი კვირის შემდეგ ისიც უკან მიჰყვა საყვარელ დედმამიშვილს.

ბედაურები მიდიან.

სახედრები რჩებიან და ბედაურობას იჩემებენ, სამწუხაროდ.

ნოდარ მუშკუდიანის ადგილი არ აღმოჩნდა შვრია-ქერით გალაღებული სახედრების სამყაროში...

 + + +

არ ვიცი, კიდევ რამდენი ხანი მიწერია ბოგინი ცოდვილ მიწაზე, მაგრამ რამდენიმე სურათი არასოდეს ამომივა მეხსიერებიდან.

გუშინდელივით ნახსოვს 1980 წელს სოხუმთან, ბესლეთის ხიდზე მდგარი ნოდარის კაფანდარა სილუეტი...

ერთხელ, აკა მორჩილაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, ”სროულობის წლებში”, ხულიგნობის მუხლით დამაკავეს და გამასამართლეს (ასე ერქვა ავადსახსენებელ 90-იანებში არასანქცირებული მიტინგის ჩატარებას). სასამართლოში გადაყვანამდე ჩემი უნივერსიტეტელი მეგობრები შეგროვდნენ თამარ მეფის გამზირზე, პოლიციის სამმართველოს ფანჯრებთან. არასოდეს დამავიწყდება ნოდარის სახე, როგორ იდგა ქუჩის მეორე მხარეს ტროტუარზე, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და როგორ აღწევდა ”კაპეზეს” გისოსებში მისი დინჯი, გამსჭვალავი მზერა...

არასოდეს ამოვა ჩემი მეხსიერებიდან უნივერსიტეტის შესასვლელთან, გაზეთების ჯიხურის წინ მდგარი ნოდარის ფიგურა. დამახასიათებელი დგომის მანერა ჰქონდა, მარჯვენა ფეხით ოდნავ გვერდზე და უკან გაწეული, იდგა იღლიაში პაპკაამოჩრილი, ცოტათი გადაყანთრული, ხელებში ეჭირა ჟუჟუნა კიოსკერისგან ნანათხოვარი, ორივე გვერდზე გადაშლილი გაზეთი (საყიდელი ფული სად ჰქონდა) და კითხულობდა ხოლმე ქვეყნიერებიდან გამოთიშული. ამ დროს ბომბი რომ აგეფეთქებინა ფეხებთან, ვერაფერს გაიგებდა.

და ეს ყველაფერი დღეს ისტორია, რომელიც აღარასოდეს დაბრუნდება.

მოვა დრო და იგი მხოლოდ გაქრება ჩემში... მაგრამ არა ჩემთან ერთად.

 + + +

როგორც იქნა, მოვაცოდვილე ეს მცირე მოგონება თუ გამოსათხოვარი.

თავშივე ვთქვი, ნოდარ მუშკუდიანზე წარსულში როგორ ვილაპარაკო, ვერ წარმომიდგენია-თქო.

არა და, მაინც მოვახერხე.

მართლა ძაღლები ვართ ადამიანები. ყველაფერს ვუძლებთ, ვიტანთ და ვეგუებით.

ბევრი არაფერია, მაგრამ თან წაიყოლე მშობლიური ოყურეშის მიწაში ეს გულიდან ამოსული სიტყვები, ძმაო, ნოდარ!

შენნაირები მარტო ოჯახს და მეგობრებს არ უკვდებიან.

შენნაირები ქვეყანას უკვდებიან და ვაი იმ ქვეყანას, რომელიც ამას ვერ აცნობიერებს.

ვაი, რომ სწორედ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ნოდარ...

For.ge–ს რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს ბატონი ნოდარ მუშკუდიანის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.