„ანადოლუ“ - რუსეთმა აფრინის რეგიონიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო

„ანადოლუ“ - რუსეთმა აფრინის რეგიონიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო

აფრინის რეგიონში თურქეთის მხრიდან მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის გამო რუსეთმა ამ რეგიონიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო, - ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

„რუსეთის უსაფრთხოების ძალები, რომლებიც აფრინში, ქეფერ ჯენეს რეგიონში იყვნენ განლაგებულნი, ტერიტორიას ტოვებენ. მათ აფრინის გარეუბანს მიაღწიეს“, - იუწყება „ანადოლუ“ სანდო წყაროზე დაყრდნობით.

დღეს თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალი ჰულუსი ასქარი თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის დირექტორთან, ჰაკან ფიდანთან ერთად მოსკოვში, რუსეთის შეიარაღებული ძალების უფროსს, ვალერი გერასიმოვს შეხვდა. შეხვედრის დროს განიხილეს რეგიონში მიმდინარე აქტუალური საკითხები, ბოლოდროინდელი მოვლენები სირიაში, ასევე, ასტანისა და ჟენევის პროცესები.
სირიელი ქურთების „სახალხო თავდაცვის დანაყოფების“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, თურქებმა აფრინის რეგიონში, ქურთების სოფლების მიმართულებით დაახლოებით 70 ჭურვი ისროლეს.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აფრინში თურქეთის სამხედრო ოპერაცია ფაქტობრივად დაწყებულია.