თუ ნარკოპოლიტიკის საკითხზე მთავრობა ისეთ რამეს შემოგვთავაზებს, რასაც არ ვეთანხმებით, კანონპროექტში არ აისახება და მას უკან გავიწვევთ

თუ ნარკოპოლიტიკის საკითხზე მთავრობა ისეთ რამეს შემოგვთავაზებს, რასაც არ ვეთანხმებით, კანონპროექტში არ აისახება და მას უკან გავიწვევთ

თუკი ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მთავრობა ისეთ რამეს შემოგვთავაზებს, რასაც პარლამენტში წარდგენილი პროექტის ინიციატორები არ ვეთანხმებით, ეს ჩვენს კანონპროექტში არ აისახება და მას უკან გავიწვევთ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე განუცხადა, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხზე მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი ინიციატორია.

ზოიძის განმარტებით, ყველაფერი შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუმცა ნარკოპოლიტიკაში ცვლილებები ნებისმიერ შემთხვევაში იქნება.

“პარლამენტში თავისი პროცესი მიდის. შს მინისტრმა მოითხოვა და აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციაა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდეს უწყებათაშორისო კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბება. არის რამდენიმე საკითხი, რაც ჯერ კიდევ ღიაა. პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე მთავრობას შენიშვნები აქვს. ჩვენ ამ შენიშვნების გათვალისწინებით პრინციპებს მხარი დავუჭირეთ და ვთქვით: - დანარჩენ საკითხებზე ვიმუშაოთ. ამ მუშაობის პროცესის ნაწილია უწყებათაშორისო კომისიაც, რომლის სხდომაც ორშაბათს გაიმართება. ნებისმიერ შემთხვევაში, ნარკოპოლიტიკაში ცვლილებები იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, კანონში ცვლილებები იქნება. ახლა მსჯელობა მიდის რამდენიმე პრინციპულ საკითხზე: - ეს არის დოზების ოდენობები და ასევე, საუბარია იმაზე, თუ როდის შეიძლება ამოქმედდეს სრული დეკრიმინალიზაცია ყველა ნარკოტიკული საშუალების მიმართ ანუ ჯერ სერვისები და შემდეგ დეკრიმინალიზაცია. ჩვენ ამ მიდგომას ვეთანხმებით, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ერთი წლის ვადაში არის შესაძლებელი. მთავრობა ჯერ კიდევ მსჯელობს ამ თემაზე. ყველა ამ ასპექტზე ვიმსჯელებთ და შემდეგ მოხდება გადაწყვეტილების მიღება, რაც იქნება განუსაზღვრელი ვადით გადადებული - შემდეგი ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ან შევჯერდებით ან ამოვწურავთ შეჯერებისა და კონსენსუსის რესურსს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ აკაკი ზოიძემ.

ორი დღის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრიმა გიორგი გახარიამ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ნარკოპოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის მოწვევის წინადადებით მიმართა. როგორც გახარიამ განაცხადა, შსს-ში აშკარად ხედავენ, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროში გაჭიმვა უკურეაქციის მომცემი და დამატებითი რისკების შემქმნელია.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ხუთმა დეპუტატმა პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მიმართულებით 10 კანონპროექტს მოიცავს.