2018 წლის 18 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში შექმნილი სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაფართოებული ფორმატით გაიმართა, რომელსაც ღვინისა და უალკოჰოლო გაზიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა კვლევებზე თურქეთში ღვინისა და ასევე უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტისას არსებული არასატარიფო ბარიერების შესახებ. კვლევები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და USAID (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო) „მმართველობა განვითარებისთვის“ პროექტის მხარდაჭერით საკონსულტაციო კომპანიამ „TBSC კონსალტინგმა“ მოამზადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, კვლევებმა გამოკვეთა ის ბარიერები, რასაც ღვინისა და უალკოჰოლო გაზიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიები თურქეთის ბაზარზე აწყდებიან. მისი თქმით, დასკვნამ აჩვენა, რომ ღვინისა და უალკოჰოლო გაზიანი სასმელებისთვის თურქეთის ბაზარი რეალურად დიდი კონკურენციის მატარებელია. ამავე დროს, ბაზრის სპეციფიკიდან ამომდინარე შეზღუდულია მათი განთავსება და მოხმარება.
გენადი არველაძის განცხადებით, დასკვნამ ასევე აჩვენა, რომ თურქეთი ღვინოსა და უალკოჰოლო გაზიანი სასმელებისთვის არ არის მნიშვნელოვანი ბაზარი. შესაბამისად, ქართველ ექსპორტიორებს აღნიშნული კვლევა თურქეთში ექსპორტის განხორციელების დაგეგმვაში დაეხმარება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, თურქეთში მოხმარებული ღვინის 96 პროცენტი ადგილობრივი წარმოებისაა. შესაბამისად, ნაკლებია იმპორტირებული ღვინის მოხმარება. „კვლევამ ზუსტად ასახა ის ვითარება, რაც დღეს თურქეთის ბაზარზე არსებობს. ამიტომაც აღნიშნულ ბაზარზე დიდ ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მიუხედავად ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი მეზობელი ქვეყანაა, სატრანსპორტო ხარჯები დაბალია და მარკეტინგული ღონისძიებებიც უფრო ადვილად შეიძლება განხორციელდეს, ჩვენ კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით გავაგრძელებთ ამ ქვეყანაში ღვინის ექსპორტს და ვიაქტიურებთ იმ ბაზრებზე, სადაც მეტია მოთხოვნა აღნიშნულ პროდუქციაზე,“ - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.
„სამოქალაქო საზოგადოებები და ბიზნესასოციაციები ჩართულია ყველა იმ მიმართულებაში, რასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ექსპორტის კუთხით ახორციელებს. ჩვენ ღიად ვსაუბრობთ ყველა საკითხზე, რომელზეც გამოწვევა არსებობს. კეთდება კვლევები და შემდეგ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით ხდება მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება“ – განაცხადა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, მისასალმებელია, როდესაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მნიშვნელოვან ინფორმაციას სავაჭრო რეჟიმების შესახებ კერძო სექტორსა და ბიზნესგაერთიანებებს უზიარებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კერძო სექტორთან მსგავსი შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.