თამაზ მეჭიაური - უმჯობესია თიანეთში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს და სამუდამოდ გაირკვეს, ვინ სჭირდება ამ ხალხს - თაღლითები თუ სხვა ვინმე

თამაზ მეჭიაური - უმჯობესია თიანეთში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს და სამუდამოდ გაირკვეს, ვინ სჭირდება ამ ხალხს - თაღლითები თუ სხვა ვინმე

თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი დღეს საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განიხილება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თიანეთის მერმა განუცხადა, თავდაპირველად მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე დღესვე უნდა განხილულიყო, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მხოლოდ კომისიაზე განიხილავენ. თამაზ მეჭიაური იმედოვნებს, რომ საფინასო- საბიუჯეტო კომისია ბიუჯეტის პროექტს მხარს დაუჭერს. 

„იმედი მაქვს, რომ საკრებულოს უმრავლესობაშიც არიან საღი აზრის მატარებლები და ბიუჯეტს მხარს დაუჭერენ. თავადაპირველად ინფორმირებული ვიყავი , რომ დღეს, ბიუჯეტი პროექტი უნდა განხილულიყო როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაზე, ისე საკრებულოს სხდომაზე, თუმცა შემდეგ ჩამაყენეს საქმის კურსში რომ ბიუჯეტის პროექტი ჯერ იხილება მხოლოდ კომისიაზე და საკრებულო დღეს არ აპირებს ამის საბოლოო განხილვას, რისთვისაც დრო ორშაბათამდე გადაწია“, - განაცხადა მეჭიაურმა. 

როგორც ცნობილია, თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი ორჯერ იქნა დაწუნებული, რასაც მეჭიაური ხელოვნურად მართულს უწოდებს. 

„მთავარი საფინანსო დოკუმენტი ორჯერ დაიწუნეს, რა თქმა უნდა, ეს პროცესი არის ხელოვნურად მართული. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი შედგენილი იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ, რომელიც დღეს საკრებულოში უმრავლესობითაა წარმოდგენილი. რაც შეეხება შენიშვნებს, შენიშვნები ზოგადი იყო და არა კონკრეტული. ნახსენები იყო, რომ თითქოს ბაღებისთვის საჭირო იყო თანხების გაზრდა, თუმცა რამდენით, არ იყო დაკონკრეტებული“, - აღნიშნა მეჭიაურმა. 

თიანეთის მერის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი საკრებულომ ბიუჯეტი მარტის ბოლომდე არ დაამტკიცა, არ არის გამორიცხული, რომ ასეთ შემთხვევაში თიანეთში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. მეჭიაური ამბობს, რომ ვითარების გარკვევისთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მხარს უჭერს. 

„თუ ბიუჯეტის პროექტს მარტის ბოლომდე მხარს არ დაუჭერენ, ასეთ დროს, შესაძლოა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები და ძალიან კარგი იქნება თუ დაინიშნება. კარგი იქნებოდა თუ დაინახავენ, რომ თუნდაც ერთ რეგიონს რაღაც პრობლემა აქვს, უმჯობესია დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები და სამუდამოდ გაირკვეს ამ ხალხს ვინ სჭირდება - თაღლითები თუ სხვა ვინმე“, - განაცხადა მეჭიაურმა.